რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან “ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისათვის.”

ლავროვის მოადგილე ქართულ ოცნებას ასევე მოუწოდებს, დაფიქრდნენ, თუ "რამხელა შედეგებს მიაღწევდა საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში" და ირწმუნება, რომ დღევანდელი ხელისუფლება “ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებას ცდილობს".

“ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისათვის. ჩვენი კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს და არ არის რუსეთის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული, როგორც დასავლეთში ცდილობენ წარმოაჩინონ. მათ საფუძვლად უდევს სულიერი ერთობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები. სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე აცნობიერებს სააკაშვილის პერიოდის მიდგომების ზიანს, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს დასავლეთისკენ გადამისამართებაზე რუსეთთან თანამშრომლობის სანაცვლოდ.

როგორც დრომ აჩვენა, ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არავინ ელოდა, რის შედეგადაც ეკონომიკის მრავალი სექტორი, მათ შორის სტრატეგიულიც, დაქვეითდა. ასევე, რესპუბლიკის ნატოსა და ევროკავშირში მიღების დაპირებები აშკარა მანიპულაციაა. ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებას ცდილობს. მათ არ აკმაყოფილებთ ის ვითარება, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან გარჩევა რთულია. ჩვენ გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი, ისევე როგორც ქართული იდენტობის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს.”

“თუმცა ეკონომიკაში მიღწეულ წარმატებებთან მკვეთრ კონტრასტშია პოლიტიკური დიალოგის არარსებობა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას უღირს დაფიქრება, რამხელა შედეგებს მიაღწევდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა ეს მათი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ თბილისში იცოდნენ: მოსკოვი მზად არის თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ის ორმხრივ სარგებელს მოიტანს” - განაცხადა გალუზინმა ТАСС-თან.

tabula.ge