საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მიერ შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთის“ 40%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის IV კვარტალში "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" და "აითიენი" მიერ კონცენტრაციის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის (GCCA) შეუტყობინებლობის გამო, ჯამში 70 000 ლარით დაჯარიმდნენ. GCCA-მა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს" განხორციელებული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საქმიანობის სფეროს უმაღლესი განათლების მიწოდება წარმოადგენს, ხოლო შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთა“ სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე ოპერირებს.
"პირველ ეტაპზე, სააგენტომ კონცენტრაციის შესაძლო გავლენა შეაფასა ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული მომსახურებების ჭრილში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის მიღმა მიღებული შემოსავლების მიხედვით. მონაცემები დამუშავდა როგორც 2024 წლის, ასევე 2025 წლის ცხრა თვის შედეგების გათვალისწინებით.
გასული წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურების ბაზრები (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის გარეთ) დაბალი კონცენტრაციითა და კონკურენტული გარემოთი ხასიათდებოდა: ამბულატორიული მომსახურების ნაწილში (გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა), ბაზრის მოცულობა - 479 346 717 ლარს შეადგენდა, მოქმედი კომპანიების რაოდენობა კი 141 იყო. რაც შეეხება სტაციონარულ მომსახურებას (გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული შემოსავლებისა), ბაზრის მოცულობა 399 754 314 ლარს შეადგენდა, ხოლო ბაზარზე 151 კომპანია იყო წარმოდგენილი.
შესაბამისად, მონაცემების თანახმად, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ბაზარი დაბალკონცენტრირებულად შეფასდა, კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებული სუბიექტების საბაზრო წილები მცირეა და უმნიშვნელოა ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელიც.
გარდა ამისა, ვინაიდან, შემძენი წარმოდგენილია საგანმანათლებლო საქმიანობის ბაზარზე, სააგენტომ განსახილველი ტრანზაქციის შესაფასებლად ბაზარზე კონცენტრაციის დონე აღნიშნული მიმართულებითაც შეისწავლა. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი აღნიშნულ შემთხვევაში 599.72 ერთეულს გაუტოლდა, შესაბამისად, GCCA-ის მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიწოდების ბაზარი, ასევე დაბალკონცენტრირებულად შეფასდა.
მონაცემების ანალიზის საფუძველზე GCCA-მა დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - ნათქვამის კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
GCCA-ს ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში, სააგენტომ 3 შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა. საუბარია: შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერის" 20%-იანი წილის; ასევე, შპს „აითიენის“ მიერ შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილის და ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.
ინფორმაციას Gcca ავრცელებს.