ორ წელიწადზე მეტია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო არსებულმა დავამ სასამართლო დარბაზის პარალელურად მედია/საჯარო სივრცეშიც გადაინაცვლა. თავდაპირველად მედიაში აკადემიის 30%-იანი წილის მფლობელი, მინორიტარი აქციონერების ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ მართული კამპანია მიმდინარეობდა, რომელიც ინვესტორი კომპანიის „საქართველოს კაპიტალისა“  და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის ვრცელი წერილის შემდგომ,  ნათელი ბევრ საკითხს მოეფინა და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბაც ჩაერთო და დავის საზოგადოებრივი მონიტორინგი დაიწყო.

რა ძირითადი საკითხები გამოიკვეთა მონიტორინგის ფარგლებში, რა საკითხებზე მიმდინარეობს დავა მხარეებს შორის და როგორია პრობლემის გადაჭრის გზები. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ აფბას ხელმძღვანელს გიორგი კაპანაძეს, ჩვენს ვრცელ ინტერვიუში.

 

- თქვენ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად  ახორციელებთ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს, შესაბამისად, საინტერესოა რა ძირითადი გარემოებები იკვეთება დავის გარშემო?

- მოდით დავიწყოთ თავიდან. 2019 წელს „საქართველოს კაპიტალმა“ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისგან შეისყიდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი და მათ ამის სანაცვლოდ 29 309 905. 66 ლარი გადაუხადა. ეს თანხა სკოლის იმჟამინდელ საბაზრო ღირებულებას 545 ათასი ლარით აღემატებოდა, რაც დადასტურებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ანუ, ორ ბიზნეს სუბიექტს შორის შედგა კლასიკური ბიზნეს გარიგება და ერთმა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდა საკუთარი წილი. აქ არანაირ მოტყუებას,  წართმევას ან წილის იაფად დათმობას ადგილი არ ჰქონია.

საწყის ეტაპზე, ამ გარიგებით ორივე მხარე უაღრესად კმაყოფილი დარჩა, ჯანაშია-ცეცხლაძემ მიიღეს უზარმაზარი თანხა და პარალელურად „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ისინი აკადემიის მენეჯმენტშიც დატოვა, ჯანაშია საერთოდ დირექტორის თანამდებობაზე და ხელფასის სახით, მას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს, წლიურად დამატებით 1 მილიონი ლარიც დაუნიშნა. ჯამში მათ 5 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ჯანაშიას ჰქონდა სრული ნდობა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მხრიდან და სწორედ მისი დირექტორობის პირობებში დაიწყო ლისზე ახალი კამპუსის მშენებლობა. სწორედ ამ კამპუსის მშენებლობის პერიოდში გაიფლანგა 4 მილიონი დოლარი, რამაც ჯანაშიას დირექტორობიდან გათავისუფლება და, შესაბამისად, ნათია ჯანაშიას მხრიდან დავის დაწყება განაპირობა.

- ეს ის 4 მილიონი დოლარია, რაზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება?

- დიახ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.  გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს).

აღმოჩნდა, რომ ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2–ჯერ ძვირი დაჯდა. იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3–ჯერ ძვირიც. ამას ემატებოდა წლების განმავლობაში სკოლის კაფეტერიის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის მიერ სკოლისთვის, საბაზროსთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი ფასებით შესყიდული პროდუქტის მიწოდება და სხვა.

როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, 4 მილიონი დოლარის  გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში და სწორედ ამ დასკვნისა და „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზეა გამოძიებაც დაწყებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ამ 4 მილიონის „გაქრობას“ არც ჯანაშია-ცეცხლაძის მხარე უარყოფს. თუმცა, გაფლანგულ მილიონებს რაღაც ახალი სახელი მოუძებნეს, რომელიც არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის იურიდიულ ან არაიურიდიულ ტერმინოლოგიაში არ მოიძებნება.

რომ შევაჯამოთ ეს საკითხი: ჯანაშიას დირექტორობის დროს მილიონები მიტაცებულია. თან ვისგან მიიტაცეს? სკოლისგან და ბავშვებისგან! ეს დადასტურებულია და უკვე ყველამ იცის. კრიმინალი კრიმინალია და დროს უკან ვერ დააბრუნებ, სულ რომ ეს ფული დააბრუნონ (რაც მათი ქონებიდან გამომდინარე. რთული არ უნდა იყოს - უამრავი აქტივი აქვთ), საპროცესოს გარეშე მაინც ვერ შეძლებენ ამ სიტუაციიდან გამოძრომას.

- თუმცა, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე ამბობენ, რომ მათ მიმართვის საფუძველზეა საქმე აღძრული, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ვეცნობით საჯარო წყაროებში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას. ნათია ჯანაშიას გააჩნია საკუთარი გამოცემები, რესურსები, სადაც ნამდვილად აცხადებს, რომ სწორედ მათი მიმართვის საფუძველზეა გამოძიება დაწყებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. თუმცა, მათ მასალებში არსად არ არის მითითებული საგამოძიებო საქმის ან განცხადების კონკრეტული ნომერი ან რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ ახმაურებენ სურვილებს და ფანტაზიებს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. უფრო მეტიც, საკუთარ გამოცემებში,  პერიოდულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  და მის ხელმძღვანელობას კორუფციაშიც კი ადანაშაულებენ. ჩვენ ანალიტიკურ სამსახურებს ეს ფაქტი ცოტა უცნაურად ეჩვენება, რადგან საღ აზროვნებას პრინციპულად ეწინააღმდეგება - ერთის მხრივ, მთელი დავის სისტემა ააწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის შენი არმიღებული განცხადების ირგვლივ და შემდეგ იგივე უწყება, მეორეს მხრივ, მისი კონკრეტული გამომძიებლები, ახლადდანიშნული უფროსი, ბატონი ლევან ხარაბაძე დაადანაშაულო კორუფიაში არაერთგზის და შენი ადვოკატის მეშვეობით ვიდეოშტურმი მოუწყო მას. ეს ჩიხია! არამარტო სამართლებრივი, არამედ ეგზისტენციალური. ეს სასტიკი დამარცხება და დანარცხებაა. ნათია ჯანაშიას მოუწევს სიმართლესთან გამკლავება და ცრუ მოლოდინებით საკუთარი თავის გამოკვებაზე უარის თქმა.

რაც შეეხება გაფლანგულ 4 მილიონ დოლარს, ნათია ჯანაშია ამ საკითხს ფაქტობრივად არასდროს ახსენებს, არ ამბობს თუ სად გაქრა ან რას მოხმარდა აღნიშნული თანხა. მისი მხარე მხოლოდ ერთხელ შეეხო აღნიშნულ საკითხს და მაშინაც  ხელოვნური ინტელექტის მიერ არქიკადის ფოტოების დარენდერებული ვიდეო აჩვენეს და განაცხადეს, რომ სწორედ ამ პროექტს მოხმარდა 4 მილიონი დოლარი. იყო ასევე ერთი შემთხვევა, როდესაც ამ საკითხს ირიბად შეეხო ჯანაშიას მხარის წარმომადგენელი და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის ზეაღმატებულ ხარისხზე გააკეთა აქცენტი. ეს ვერსია თავად ჯანაშია-ცეცხლაძისგანაც დაწუნებულ იქნა და 4 მილიონი დოლარი ისევ დამოკლეს მახვილივით არის აღმართული მათ თავზე.

- გამოდის, მას შემდეგ, რაც „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ აღმოაჩინა, რომ ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში თანხების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი, გადაწყდა მისი დირექტორობიდან გათავისუფლება და სწორედ ამის შემდგომ იწყება მინორიტარ და მაჟორიტარ აქციონერებს შორის დავაც?

- ნამდვილად ასეა, დირექტორობიდან გათავისუფლების შემდგომ ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ დავით ცეცხლაძემ გადაწყვიტეს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ დაეწყოთ ბულინგისა და ცილისწამების კამპანია. ისინი არ ერიდებოდნენ და არ ერიდებიან არაფერს და მათ აქვთ ერთი კონკრეტული მიზანი, ყველაფრის ფასად მიაყენონ ზიანი „ბრიტანულ ქართულ აკადემიას“.

ამ მიზნის მისაღწევად ჯანაშია-ცეცხლაძე არამხოლოდ ინვესტორ კომპანიას სწამებენ ცილს, არამედ, პერიოდულად  კორუფციაში ადანაშაულებენ სახელმწიფო უწყებებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლეებს, ეროვნულ ბანკს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ისინი ფაქტობრივად გასულები არიან სამართლებრივი ჩარჩოებიდან და დიფამაციურ კამპანიას ეწევიან.

- რას გულისხმობთ დიფამაციურ კამპანიაში?

არახალია და ჩვენმა ორგანიზაციამაც არაერთი განცხადება გაავრცელა ნათია ჯანაშიას მხრიდან მოსამართლეების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს,  ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ მათი თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ცილისწამებაზე და არაარგუმენტირებულ ბრალდებებზე. მსგავსი კამპანია ნამდვილად ვერ მისცემს რაიმე დადებით შედეგს ჯანაშიას, პირიქით დააზარალებს მას და ამიტომაც უმჯობესია, რომ აქცენტი გაამახვილოს დავის საკუთრივ სამართლებრივი ფორმატებზე და საკუთარი სიმართლის დამტკიცება სასამართლოს დარბაზში სცადოს.

გარდა ამისა, ნათია ჯანაშია დავის პოლიტიზებას, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და მოქმედი ხელისუფლების გაშავებას არა მხოლოდ მედია კამპანიით ცდილობს, არამედ ეს გარემოებები ნათლად იკვეთება ლონდონის სასამართლოში მის მიერ შეტანილ სარჩელშიც. აღნიშნული სარჩელის შინაარსით ჯანაშია ღიად და ხაზგასმულად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ადანაშაულებს კორუფციული რეჟიმის შექმნაში, სასამართლო სისტემაზე გავლენასა და ზეწოლაში და რუსეთისკენ გადახვევაში.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესოა რა არის ჯანაშიას მიზანი? რის მიღწევას ცდილობს იგი?

- რთულია ნათია ჯანაშიას და თავით ცეცხლაძის კონკრეტულ მიზნებზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ისინი ღიად და დაუფარავად ცდილობენ შანტაჟისა და ცილისწამების გზით ინვესტორი კომპანიის გაძევებას აკადემიიდან.  ამ პროცესში ჩემთვის ყველაზე გასაოცარი იყო, როდესაც ჯანაშიამ საკუთარი არასრულწლოვანი შვილებიც კი ჩართო ბიზნესდავაში და გადაწყვიტა მათი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.

ორ ათეულ წელზე მეტია, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის კვლევასა და მონიტორინგს, მათ შორის, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში არცერთ ბიზნესს და არცერთ პიროვნებას არასდროს უკადრია, დავის მიმდინარეობაში ჩაერთო ოჯახი და მით უფრო მცირეწლოვანი შვილები.

- თქვენ ალბათ გულისხმობთ  ჯანაშიას განცხადებას, სადაც იგი შვილების ამერიკულ პასპორტზე და ამერიკის მოქალაქეობაზე საუბრობს?

-  დიახ, სწორად მიმიხვდით. ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძესთან აფილირებულ რესურსებზე ბოლო პერიოდში გაჩნდა მასალები, რომელშიც ამ ოჯახური წყვილის შვილებია დაფიქსირებული. აქცენტი კეთდება მათ ასაკზე, მოქალაქეობაზე და გამონათქვამებზე დავასთან დაკავშირებით.

ამ რესურსებზე ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სახელით ვრცელდება ისეთი ინფორმაციები, რომელიც წესით მხოლოდ მათმა საახლობლო წრემ ან  მარტო ოჯახმა იცოდა. ნათია ჯანაშიამ თავად გაახმაურა, რომ მის არცერთ შვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და აშშ-ს პასპორტებით სარგებლობენ. ანუ ფაქტობრივად, მათ შვილებს ჩამოართვეს მოქალაქეობა და გაუგებარია რაში გაცვალეს იგი.   

მორალური თვალსაზრისით, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ჩართო შვილები, მათ შორის, და განსაკუთრებით, არასრულწლოვანები, ბიზნესდავაში. რატომ უნდა გახადო მათი მოქალაქეობრივი კუთვნილება, პირდაპირ რომ ითქვას, უსაგნო და მხოლოდ პიარკონტექსტზე ორიენტირებული შანტაჟის საგანი.

ფაქტია, ნათია ჯანაშია, როცა “აკადემიასთან” დაკავშირებულ მის ნარატივს სჭირდება, ცდილობს მოგვევლინოს, როგორც ქართული განათლების სექტორის და მოწაფეთა საუკეთესო ინტერესების უანგარო დამცველი, ქართველი პატრიოტი, რომელიც საქართველოზეა უსაზღვროდ შეყვარებული და სამშობლოს უდიდესი სიყვარულით ზრდის 5 შვილს, ხოლო როცა ბიზნესდავასთან დაკავშირებით მის უსუსტეს პოზიციებს საერთაშორისო კონტექსტით სჭირდება “გამაგრება”, იქ მისი “ამერიკელი” შვილების მოქალაქეობაზე აპელირებს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დახმარების იმედი აქვს. აღარც სამშობლო ახსოვს და აღარც საქართველოს სიყვარული. მისი დროშაც, გერბიც და ჰიმნიც სხვა ქვეყნისაა და მისი სამშობლოც იქ არის.

თუმცა, რადგან არც ის ქვეყანა და მისი მმართველობის ფორმები ეპიტნავებათ მაინცდამაინც, ქვეყნისა და სამშობლოს შერჩევას ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილი იმწუთიერი ინტერესებიდან წყვეტს. შვილებსაც, სამწუხაროდ, უსამშობლოდ - საქართველოს გარეშე ტოვებენ და მის მოქალაქეობას ართმევენ და თავადაც უსამშობლოები არიან.

- თქვენ საუბრობთ ფაქტობრივად რეიდერულ შეტევაზე, რომლის სამიზნეც არის ინვესტორი კომპანია, სახელმწიფო უწყებები და სასამართლო სისტემა. როგორ აისახება ეს პროცესი „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე“ და აკადემიასთან მიმართებაში როგორია ჯანაშიას პოზიცია?

- სამწუხაროდ იგივე პროცესები ვითარდება აკადემიასთან მიმართებაშიც. ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს მონიტორინგის სამსახური, რომელიც სოციალური ქსელების ანალიზს ახორციელებს. მათი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშია, რეიდერულ შეტევას ახორციელებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ. ჯანაშიას მიერ მართულ გამოცემებში მუდმივ რეჟიმში ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, რომლებიც დაფუძნებულია ცრუ და ყალბ ნარატივზე და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ზიანი მიადგეს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ და მის რეპუტაციას.

2 წლის განმავლობაში ასეულობით მასალა გამოქვეყნდა სწორედ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დაკნინებისთვის, მისი თანამშრომლების რეპუტაციის შებღალვისთვის. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მომზადებულია და გამოქვეყნებულია აკადემიისა და მისი ხელმძღვანელობის, დირექტორატისა და პედაგოგების საწინააღმდეგო 100-ზე მეტი მასალა და სტატია, რომლის მიზანიც არის შიში და უნდობლობა დათესონ აკადემიის მოსწავლეებსა და მშობლებში. სტატიების შინაარსი და მინორიტარი აქციონერების თანმდევი კომენტარები უკიდურესად დიფამაციური და ძალმომრეობითი ხასიათისაა და ორგანიზენული კრიმინალური დაჯგუფების ლექსიკითა და ტერმინოლოგიით არის გაჯერებული.

ცალკე უნდა გამოვყოთ ჯანაშიას მხრიდან სკოლის ლიკვიდაციის მცდელობის საკითხი, რომელიც წინასწარგანზრახული, დაგეგმილი დანაშაულებრივი ავანტიურა იყო. ჯანაშიამ “ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის” სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლა და საბოლოო ჯამში მის გაუქმება/ლიკვიდაცია დაისახა მიზნად. ამჯერად, საბაბად გამოყენებულ იქნა საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რასაც ჯანაშიას მხარე შეეწინააღმდეგა და უარი თქვა რეესტრში განახლებული წესდების წარდგენასა და რეგისტრაციაზე.

თუმცა, საბედნიეროდ, “საქართველოს განათლების ჯგუფი” მზად აღმოჩნდა მსგავსი დესტრუქციული ქმედებებისადმი წინ აღსადგომად. შესაბამისად, მან  ზემოთ აღწერილ ობსტრუქციას დაუპირისპირა სწორი და აკადემიის ინტერესებზე ორიენტირებული ნაბიჯები და  შედეგად, არ დაუშვა აკადემიის ფუნქციობის ოდნავი შეფერხებაც კი, თუნდაც იმ მცირეხნიან მონაკვეთში, სანამ საჯარო რეესტრი სკოლის რეგისტრაციას აღადგენდა.

- და ბოლოს, მინდა გკითხოთ გამოსავლის გზებზე, თქვენ სად ხედავთ გამოსავალს, როგორ შეიძლება დასრულდეს აღნიშნული დავა?

- ვფიქრობ, რეალურად გამოსავალი უკვე არსებობდა, როდესაც „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას შეთავაზა სამართლიანი და საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული ფასი, რომელიც ჯანაშიას მხარის შეთავაზებაზე წილის ერთეულზე გადათვლით 33 პროცენტით მეტი იყო. ჯანაშიას მხარეს ან უნდა აეღო ეს თანხა, ან შესაბამისი საბაზრო ღირებულებით გადაეხადა „საქართველოს განათლების ჯგუფისთვის“ განსაზღვრული ღირებულება.

შეთანხმება ვერ შედგა. აქაც კაცობრიობამ სამართლიანი გამოსავალი იპოვა და ეს ჯერ კიდევ შუმერების, ჰამურაბის, საბერძნეთის, რომის და, მათ შორის, ქართველების უძველესი ცივილიზაციებიდან მოდის დღემდე: ორ სუბიექტს შორის არსებული დავა უნდა გადაწყდეს სასამართლო დარბაზში და მხარეებმა უნდა შეძლონ საკუთარი არგუმენტების დასაბუთება, მით უფრო, როდესაც საუბარია ერთი კომპანიის მაჟორიტარ და მინორიტარ აქციონერებზე.

საგანმანათლებლო ბიზნესთან დაკავშირებით მიმდინარე ამ მასშტაბურ და თავისი არსით უპრეცედენტო დავის გადაწყვეტის გზა არის სასამართლო დარბაზი, სადაც შეჯიბრებითობის პრინციპის განუხრელი დაცვით, უნდა მოხდეს მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. დიფამაციური და ცილისმწამებლური კამპანიით, რასაც ცალსახად აწარმოებს ნათია ჯანაშიას მხარე, ამ საკითხის გადაჭრა წარმოუდგენელია და ტოვებს ერთადერთ შთაბეჭდილებას, რომ მას არ აქვს რეალური არგუმენტები, ან პოზიციები, სამართლებრივი თვალსაზრისით, იმდენად სუსტია, რომ ცდილობს მსგავსი მიდგომით შეძლოს მაჟორიტარ აქციონერზე ზეწოლის მოხდენა და საკუთარი ფარული მიზნების მიღწევა. რაც არასდროს არ გამოუვა.