თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია - თბა პარლამენტის მიერ მეწარმეთა შესახებ მიღებულ რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციის წევრი კომპანია „რეფორმერ ფიტნესი“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. დავის საგანს კი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ წევრი კომპანია "რეფორმერ ფიტნესი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. სამართლებრივი დავის მიზანია ბიზნესსექტორის ფუნდამენტური უფლებების — გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო სექტორის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხმის — დაცვა.
მიგვაჩნია, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას თავისი ინტერესები და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ დისკუსიებში ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვის გარეშე.
აღნიშნული სამართლებრივი დავა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად კერძო სექტორისთვის, რადგან იგი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებზეც თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკური გარემო დგას. „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ წევრ კომპანიას ამ პროცესში და გააგრძელებს ბიზნესის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები, რომლებიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მათ ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, პირველად დარღვევაზე 20 000-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში — სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის კომპანიის ლიკვიდაციას ან 3-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უწესებს.
ასოციაცია და მოსარჩელე მხარე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ბიზნესის მიმართ მიზანმიმართულ შეზღუდვას წარმოადგენს, რადგან იგი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს, შეიცავს ბუნდოვან და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და კერძო სექტორს საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან ფაქტობრივად გამორიცხავს. შედეგად, ზიანდება როგორც თავისუფალი ბაზრის, ისე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპები.
საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული სადავო ნორმების სრულად არაკონსტიტუციურად ცნობა და გაუქმება.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" , ახლაც და მომავალშიც , შეეცდება გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ პირდაპირი ან შეფარული გზებით ბიზნეს სუბიექტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ისინი ხელოვნურად მოწყვიტონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ჩვენი წევრი კომპანიის, "რეფორმერ ფიტნესის" სამართლებრივი ბრძოლა არის თითოეული ქართული საწარმოსა თუ მეწარმის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ სრულად ვართ და ვიქნებით ჩართული პროცესში და ვიმედოვნებთ რომ დაწყებულ საქმეს წარმატებით მივიყვანთ სწორ და სამართლიან დასასრულამდე. ჩვენ გვსურს დავიცვათ ბიზნესის უფლება - ჰქონდეს საკუთარი ხმა ქვეყნის განვითარებაში და ეს უფლება დარჩეს ხელშეუხებელი“, -ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.