გასტროენტეროლოგმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროცესორმა, გიგა სორდიამ ნახევარფაბრიკატების უვნებლობაზე საუბრისას bm.ge-ს განუცხადა, რომ ნახევარფაბრიკატების წარმოებაში ხშირად ისეთი ნედლეული გამოიყენება, რომელიც ევროპის კანონმდებლობით აკრძალულია. გიგა სორდიას თქმით, ნახევარფაბრიკატების უვნებლობა მხოლოდ საწარმოო პირობებზე არ არის დამოკიდებული და მნიშვნელოვანია თავად პროდუქტის ხარისხი და ხორცის წარმომავლობა.

"მნიშვნელოვანია თვითონ პროდუქტი რისგან იქმნება. ანუ ის ხორცი, როგორი ხორცი იყო, რომელიც ნახევარფაბრიკატებში გამოიყენეს. სამწუხაროდ, წარმოებაში ხშირად ის ნედლეული გამოიყენება, რომელიც ევროპის კანონმდებლობით აკრძალულია, მაგალითად ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან იმპორტირებულ ხორცს ვგულისხმობ. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი საკმაოდ იაფია და მწარმოებლები საქართველოში ნახევარფაბრიკატების საწარმოებლად იყენებენ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მწარმოებელზე ან რეალიზატორზე არ არის დამოკიდებული პროდუქტის უვნებლობა. ამას რეგულაცია სჭირდება, რომელიც არ არის მარტივი პროცესი და დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება”, - ამბობს გიგა სორდია.

საქსტატის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტი წელს, 3 თვეში ბრაზილიიდან განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, ბოლო 3 თვეში ქვეყანამ ჯამში $4,8 მლნ-ის, 1,129 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეიძინა, ხოლო გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, $5,7 მლნ-ის 1,550 ტონა ხორცი ჰქონდა შესყიდული. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით, დგინდება, რომ ქვეყანას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტი 27.1%-ით შეუმცირდა.

ამავე სტატისტიკით, წელს, საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა. ბოლო 3 თვეში, საქართველომ ბრაზილიიდან $1,5 მლნ-ის, 533 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეისყიდა და მან მთლიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის იმპორტში წილობრივად 47.2% შეადგინა. თუმცა, ამ ბაზარზეც იმპორტის შემცირება ფიქსირდება, ვინაიდან 2024 წელს, ამავე პერიოდში ქვეყანას $2 მლნ-ის 783 ტონა ნედლეული ჰქონდა შეძენილი, რაც წლიურად 32 %-მდე იმპორტის შემცირებას გულისხმობს.