„ამ ეტაპზე მცირე ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის 100 000 ლარიანი ზღვარი“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Auto Hall-ის თანადამფუძნებელმა ოთო გვალიამ განაცხადა.
მისი თქმით, დამწყებ ბიზნესებს ამ ზღვრის ფონზე უჭირთ სტაბილური ფასების შენარჩუნება და მრავალი გამოწვევის წინაშე რჩებიან.
„ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა საგადასახადო პოლიტიკა რომელიც შემცირებისკენ იყო მიმართული და დაახლოებით 10 წელია გვაქვს სიტუაცია, როდესაც გადასახადები არც კი გადახედილა, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური რყევებისა ამ ქვეყანაში.
ამ ეტაპზე მცირე ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის 100 000 ლარიანი ზღვარი რომელიც აიძულებს მეწარმეს დღგ- ს გადამხდელად დადგომას, რომელიც დადგენილია დაახლოებით 2005-2006 წლებში რაც გულისხმობს ერთ კალენდარულ წელში 100 000 ლარიანი ბრუნვის შემთხვევაში ავტომატურად დღგ-ს გადამხდელად დადგომას, რაც დამწყებ ბიზნესს გამოწვევის წინაშე აყენებს, თუნდაც ისეთის როგორიცაა, პროდუქტზე ფასის გაზრდა და გაზრდილი ფასი მოგეხსენებათ მომხმარებელთა შემცირებას იწვევს. და ასე შემდეგ”, - აცხადებს ოთო გვალია.
ცნობისთვის, კომპანია Auto Hall მანქანის აქსესუარების და მოვლის საშუალებების რეალიზაციას ახორციელებს.