შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სადისტრიბუციო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისთვის ავტობუსის ზოლში (BUS LINE) გაჩერების სპეციალურ პირობებს განსაზღვრავს.

ახალი რეგულაცია ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებას ან გადაზიდვას უზრუნველყოფენ. დოკუმენტის მიხედვით, BUS ზოლში გაჩერება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილებს შეეძლებათ და მხოლოდ ღამის საათებში — 01:00-დან 06:00 საათამდე, თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტი სხვა რეჟიმს არ დაადგენს.

საშვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გასცემს და მისი მოქმედების ვადა ერთი წელია. მის მისაღებად დაინტერესებულმა კომპანიამ ან მეწარმემ საპატრულო პოლიციას უნდა წარუდგინოს ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და მარკის შესახებ ინფორმაცია, სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, შემოსავლების სამსახურის ცნობა საქმიანობის შესახებ და ავტომობილის ფოტოები, რომლებზეც ჩანს შუქამრეკლი სტიკერი ან სხვა განმასხვავებელი ნიშნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბრძანება ასევე ადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს. BUS ზოლში გაჩერებისას მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ავტომობილიდან მინიმუმ 15 მეტრის დაშორებით განათავსოს საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო სამუშაოს დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დატოვოს ზოლი.

საქონლის გადამტანს სავალდებულოდ უნდა ეცვას შუქამრეკლი ჟილეტი, ხოლო ავტომობილის უკან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს მინიმუმ 0.5 მეტრი სიმაღლის საგზაო ბოძი ნარინჯისფერი ან ყვითელი ციმციმა განათებით. ასევე, ავტომობილის საბარგულზე ან უკანა კარზე აუცილებელი იქნება შუქამრეკლი სტიკერის განთავსება.

ბრძანების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ადგილზე ექნებათ უფლება გადაამოწმონ, მართლაც საქონლის მიწოდების მიზნით არის თუ არა გამოყენებული BUS ზოლი. საჭიროების შემთხვევაში ისინი შეამოწმებენ შესაბამის სასაქონლო ზედნადებებსაც.

სპეციალური საშვი შეიძლება გაუქმდეს მფლობელის მოთხოვნით, ავტომობილის გასხვისების, რეგულაციების განმეორებითი დარღვევის ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

თუ მძღოლი BUS ზოლში დადგენილი წესების დარღვევით გაჩერდება ან დადგება, მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.