აშშ-ში არჩევნების დასრულებისა და დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა. სანავთობო ბაზარზე ბენზინის ტიპის ნავთობის ღირებულება 74 დოლარამდე დაეცა. ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ასეთია, ის შტატებში ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამით მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდება. გამონაკლისი აღმოჩნდა საქართველო. ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 დღეში ბენზინის ფასი 2 თეთრიდან 5 თეთრამდე გაიზარდა. ფასის მატებას პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.

,,ჩვენთან გუშინ და დღეს პირიქით 2, 3 და 5 თეთრით მოიმატა ფასმა, მაგრამ აქ არაფერი ისეთი არ ხდება გაოცებას, რომ იწვევდეს. საქმე ისაა, რომ ამერიკის არჩევნები იქნება თუ შიდა ქვეყნის არჩევნები, საერთოდ პოლიტიკურ მოვლენებს ყოველთვის ახლავს თან მერყევი სიტუაციები. ეს იყო გამოწვეული ნედლ ნავთობზე მცირე, მაგრამ მაინც ფასის მატებით. სანავთობო ბაზრებს ყოველთვის ახასიათებდა რყევები და ფასების არითმიები, რადგან ბაზარი ყოველდღიურად კონტროლდება და ყოველდღიურად აკეთებს რეაგირებას რა ხდება, როგორ ხდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველ დღე იცვლება და კონტროლდება პლატსის ფასები და ახალი ფასები დგინდება.’’- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ვკითხეთ, როგორ მოხდა რომ პოლიტიკურმა მოვლენამ ნავთობზე ფასი დასწია, ჩვენთან კი პირიქით გაზარდა. ვახტანგ იობაშვილი გვპასუხობს: ,,ჩვენთან გაძვირების მიზეზი არის მსოფლიო პოლიტიკური ვითარება. სანავთობო ქვეყნები, ყველანი არიან დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე. ახლა ამოდენა ქვეყნის არჩევნები მიმდინარეობდა, ამერიკაში არსებული და მიმდინარე არჩევნები ყოველთვის მოქმედებდა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. იყო ჩვენი შიდა არჩევნებიც და მაგან განაპირობა ფასის მატება’’.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შტატების მიერ  ნავთობის მოპოვების გაზრდა ბაზარზე დადებითად აისახება.

,,უფრო მეტი ნედლი ნავთობის გამოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე იმას ნიშნავს, რომ ფასები მინუსში უნდა წამოვიდეს. რადგან პროდუქტი არ იქნება დეფიციტში. ახლო აღმოსავლეთში თუ დაიძაბა სიტუაცია საერთაშორისო სანავთობო ბაზრებს არ მოაკლდება გადასამუშავებლად ნედლი ნავთობის რაოდენობა. საერთოდ ამერიკას ყოველთვის ახასიათებს ასეთი რაღაც, მოპოვებას ხან ამცირებს, ხან ზრდის, ხან მარაგებს გაზრდის, ხან გასცემს. ეს სანავთობო პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ვინც არ უნდა მოსულიყო ამერიკის პრეზიდენტად, როგორც კი დამთავრდებოდა ამერიკის არჩევნები, ეს მაინც მოუტანდა სამყაროს გარკვეულ სტაბილიზაციას. ახლა უნდა დაველოდოთ ტრამპის სიტყვების შედეგებს.’’ - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.