მიმდინარე წელს საქართველო საგარეო ვალების პროცენტის დაფარვაზე რეკორდულ თანხას 845 მილიონ ლარს დახარჯავს.
ვალის ძირის დასაფარად კი 1.37 მილიარდი ლარი არის განსაზღვრული.
ვალის პროცენტის გადახდის ზრდის გათვალისწინებით საგარეო ვალების ხარჯი ბიუჯეტისთვის 2.12 მილიარდ ლარამდე იზრდება.
ცნობისთვის, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 450.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო 291.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ფასის ცვლილების გამო 40.0 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, სხვა ცვლილებების გამო ვალი 47.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.4 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.8 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 862.0 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 459.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი).