სირიის დე-ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა ამბობს, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მომზადებისა და შემუშავების პროცესს დაახლოებით სამი წელი, ხოლო არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას - თითქმის ოთხი წელი დასჭირდება. კვირას, 29 დეკემბერს, საუდის არაბეთის სახელმწიფო მაუწყებელ „ალ არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალ-შარაამ აღნიშნა, რომ საკუთარ თავს „სირიის განმათავისუფლებლად“ არ მიიჩნევს. მისივე თქმით, სირიელი ხალხი უკვე გადარჩენილია და ისლამისტური ჯგუფი „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ (HTS) აუცილებლად დაიშლება.
სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ, მეამბოხეების ყოფილმა ლიდერმა ქვეყნის აღდგენის გეგმებზე პირველად ისაუბრა.
ინტერვიუში, რომელიც სრული სახით ეთერში ამ ორშაბათს გავა, აჰმედ ალ-შარაამ აღნიშნა, რომ ქვეყანას სამართლებრივი სისტემის რესტრუქტურიზაცია სჭირდება და ლეგიტიმური არჩევნების გამართვამდე, ჯერ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა ჩატარდეს. „ნებისმიერი ნორმალური არჩევნები მოსახლეობის სრულ აღწერას საჭიროებს“, - ციტირებს BBC ალ-შარაას ნათქვამს.
სირიის დე-ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა ამბობს, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მომზადებისა და შემუშავების პროცესს დაახლოებით სამი წელი, ხოლო არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას - თითქმის ოთხი წელი დასჭირდება.
„ერთი წელი სირიას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ მოქალაქეებმა მომსახურების სექტორში რადიკალური ცვლილებები იგრძნონ“, - მიიჩნევს ალ-შარაა, რომელიც ადრე ფართო საზოგადოებისთვის აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის სახელით იყო ცნობილი.
საინტერესოა, რომ იგივე პროგნოზი გააკეთა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმაც, რომლის განცხადებითაც, შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს, სანამ სირიელები, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, საჯარო სერვისებში მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გაუმჯობესებულ პირობებს დაინახავენ.
„ძველი რეჟიმის ნარჩენების“ წინააღმდეგ განხორციელებული „საპასუხო ოპერაციების“ შესახებ დასმულ კითხვაზე, ალ-შარაამ უპასუხა, რომ „ასეთი ძალები მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა“, თუმცა, ბაშარ ასადის რეჟიმი „სირიის საზოგადოებაში დატოვებული დიდი განხეთქილების“ გამო მაინც გააკრიტიკა.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების ტალღაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა, რომ აზრის გამოხატვა ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებაა.
ისლამური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ „აუცილებლად დაიშლება“
აჰმედ ალ-შარაამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელიც ოდესღაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაიდასთან“ ასოცირდებოდა და დღემდე გაერო-სა და ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, „რა თქმა უნდა, დაიშლება“ და ეს ეროვნული დიალოგის მომავალ კონფერენციაზე მოხდება. თუმცა, ალ-შარაას ამ საკითხზე მეტი დეტალი აღარ დაუკონკრეტებია.
წყარო: 1tv.ge