ღვინის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბიზნეს-თამაში - "ვინოპოლია" პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა როგორც "ვინოპოლიას" დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქვეყანაში შემცირებული მსყიდველუნარიანობის ფონზე, 2024-2025 წლებში კომპანიის გაყიდვები შემცირებულია.
მისივე ინფორმაციით, Vinopoly-ის მომხმარებლები არიან როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტი, თუმცა საახალწლო პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით კორპორატიული კლიენტების მხრიდან იზრდება.
"ჩვენი კომპანია პანდემიამდე დაარსდა, რომლის მიზანი ღვინის ინდუსტრიაში ინოვაციის შემოტანა იყო. გვქონდა რამდენიმე სერვისი, მათ შორის, ეტიკეტების ინდივიდუალიზაცია და პრემიუმ ღვინოების დისტრიბუცია მაცივრებით და პლანშეტებით. პანდემიის პერიოდში აღნიშნული საქმიანობა შეწყდა და 2023 წელს, გავაკეთეთ პირველი ქართული ბიზნეს-თამაში ქართული ღვინის თემატიკით - Vinopoly. ფასიდან გამომდინარე პროდუქტი გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ხარისხიანი ქართული სუვენირი ღვინის თემატიკით, რადგან ბაზარზე აღნიშნულის დეფიციტი აღმოვაჩინეთ. ვფიქრობთ, რომ პროდუქტმა გაამართლა. Vinopoly საახალწლო პერიოდში აქტიურად იყიდება და რეალიზაციის წახალისებისთვის წლის განმავლობაში გვაქვს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიები. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტი. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კორპორატიული სეგმენტის მხრიდან. რაც შეეხება რეალიზაციის არხებს - ამჟამად, ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და ასევე, სხვადასხვა ფიზიკურ მაღაზიებში.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების მაჩვენებელი 2023 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2024 და 2025 წლებში. აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ საახალწლო განწყობა ქვეყანაში აღარ არის, ისეთი ტურისტების რაოდენობა, რომლებისთვისაც ჩვენი პროდუქტი საინტერესო იქნება, შემცირდა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უკან მიდის. შესაბამისად, მოქალაქეები უფრო და უფრო ვეღარ ყიდულობენ პრემიუმ ხარისხის ნივთებს", - აცხადებს Vinopoly-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ღვინის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბიზნეს-თამაში - "ვინოპოლია" 2023 წელს შეიქმნა და პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდება.