„მომხმარებელი ვერ ნახავს ისეთ სწრაფ შედეგს, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს," - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსისა" და რადიო „პალიტრას" გადაცემაში „საქმე" სურსათის ფასების დაანონსებულ გაიაფებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფასების საკითხთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ასოციაციის წევრებს არც სამთავრობო კომისიასთან და არც ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
ამასთან, ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებელს, დისტრიბუტორებსა და რითეილს შორის ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლია, რაც, ფასზეც დადებითად იმოქმედებს, თუმცა საკითხს ვერ გადაჭრის, რადგან ფასწარმოქმნაზე სხვა ბევრი ფაქტორი მოქმედებს.
„ასოციაციას არ ჰქონია რაიმე ტიპის კომუნიკაცია ფასების შესწავლის მიზნით შექმნილ კომისიასთან. ამასთან, როგორც ჩვენი წევრი კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით ვარკვევთ, არც მათ ჰქონიათ რაიმე ტიპის კომუნიკაცია კომისიასთან. ერთადერთი, რაც პროცესიც ხორციელდება, ეს არის კონკურენციის სააგენტოს მიერ, 2024 წელს დაწყებული მონიტორინგის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებებს, რაც გაფორმებულია საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია იქნება, მაგრამ მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება განგრძობადი პროცესი და მომხმარებელი ვერ ნახავს ისეთ სწრაფ შედეგს, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ის პრობლემები, რომელზეც მიუთითებდა პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში, ის პრობლემებია, რაზეც ასოციაცია წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, მათ შორის, თქვენი ეთერით.. მიმართული გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთვისაც, რომ მომხდარიყო ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობების რეგულირება.
როდესაც ვსაუბრობთ ფასებზე, ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ რიგი ზომების გატარება არ დაარეგულირებს ფასს, ეს დაარეგულირებს მხოლოდ ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ ფასზე დადებითი გავლენა შეიძლება მივიღოთ. ფასი არცერთ განვითარებულ ქვეყანაში რეგულირებული არ არის და ვერც დარეგულირდება. ფიზიკურად შეუძლებელია სახელმწიფომ განსაზღვროს თუნდაც მარჟების კუთხით, იმიტომ, რომ ეს ნეგატიურ შედეგს მოიტანს. აქ საუბარია, ადგილობრივ მწარმოებელს, სადისტრიბუციო კომპანიებსა და რითეილს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე, რასაც რა თქმა უნდა მივესალმებით.
მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ნებისმიერი ტიპის ფინანსური ტვირთი, რომელიც წარმოეშობა ადგილობრივ მეწარმეს, დისტრიბუტორს, საბოლოოდ ფასში ისახება. შუალედურ ანგარიშში კონკურენციის სააგენტოს პირდაპირ აქვს მითითება, რომ ფასზე ზემოქმედებას ახდენს ისეთი ტიპის გადასახადები, როგორიცაა: ქსელურ ობიექტში შესვლის, დახლზე განთავსების გადასახადები, ქეშბექი, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც შესაძლოა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდეს," - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
ცნობისთვის, ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.