ტურისტული სექტორის წარმომადგენლის თქმით, ისრაელის ბაზარი ბოლო წლებში გუდაურის და ზოგადად საქართველოს ზამთრის კურორტების მიმართულებით განსაკუთრებით დომინანტი იყო. როგორც Georgian Bus-ის და time for georgia- ს დამფუძნებელმა შალვა ხუციშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კომპანია ამ სეზონზე 7000 ტურისტს ელოდებოდა, საიდანაც მხოლოდ მარტში 2500 სტუმარი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო ყველა ჯავშანი გაუქმდა.
მხოლოდ მათი კომპანიისთვის მინიმალური ზარალი უკვე დაახლოებით 300 000 ევროს აღწევს.
„ჩვენ უკვე დაახლოებით სამი წელია ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ისრაელის ბაზართან, განსაკუთრებით გუდაურის მიმართულებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელი ფაქტობრივად დომინანტი ბაზარია გუდაურისა და ზამთრის კურორტებისთვის. წელს ისტორიულად ყველაზე დიდ ზრდას ველოდებოდით — ზამთრის სეზონზე დაახლოებით 7000 ტურისტს, საიდანაც დაახლოებით 2500 სტუმარი მარტში უნდა მიგვეღო. ამინდიც ხელს გვიწყობდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო ამ ეტაპზე ყველა ჯავშანი გაუქმებულია. მინიმუმ მომდევნო ორი კვირის გაუქმება უკვე მოგვიწია.
ჩვენი მინიმალური დათვლილი ზარალი დაახლოებით 300 000 ევროა. სამწუხაროდ, გუდაურის სეზონი ერთ თვეში სრულდება და თუ ფრენები მალე არ აღდგა, ეს შემოსავალი პრაქტიკულად დაკარგული იქნება.
რაც შეეხება აქ მყოფ ტურისტებს, გუდაურში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 1000 ჩვენი სტუმარი იყო ჩარჩენილი. პარტნიორებთან კოორდინაციით მათი ნაწილი სპეციალური რეისებით გადაიყვანეს ეგვიპტეში, საიდანაც ავტობუსებით დაბრუნდნენ ისრაელში.
ზოგადად, ტურიზმის ბიზნესი ძალიან სენსიტიურია და პანდემიის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამიტომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაა. ისრაელის გარდა აქტიურად ვმუშაობთ ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე, რათა მსგავსი კრიზისების გავლენა მაქსიმალურად დავაბალანსოთ. ამჟამად ვიმყოფები ბერლინში და ვმონაწილეობ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში — ITB Berlin-ში. წელს გამოფენაზე გარკვეული სიცარიელეა, რადგან აღმოსავლეთიდან და გალფის ქვეყნებიდან ბევრი წარმომადგენელი ვერ ჩამოვიდა. თუმცა ამ სიტუაციას გარკვეულწილად შესაძლებლობადაც ვხედავთ, ვცდილობთ ევროპელი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ყურადღება საქართველოზე გადმოიტანონ და ალტერნატიულ მიმართულებად განიხილონ.“- განაცხადა ხუციშვილმა.
ვრცლად: bm.ge