კომპანია ,,კულა“ აზიურ ბაზარზე ფართოვდება. კომპანია ივნისიდან სინგაპურში, მალაიზიასა და იაპონიაში ოფიციალურად შევა. პირველ საცდელ კონტეინერებს მაისში გააგზავნიან. ,,კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს ქვეყნები კომპანიისთვის მიმზიდველია, რადგან აქამდე მათი პროდუქცია აზიის ბაზარზე ნაკლებად შედიოდა. მისივე განმარტებით, კომპანია ახლა ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესშია და ის ქვეყნები შეირჩა, სადაც ნატურალური წვენების მოხმარების კულტურა აქვთ.

,,აზიის ქვეყნებში ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილი. ამ ქვეყნებში არ ვიყავით წარმოდგენილი ჩვენი პროდუქციით. ახალი ბაზრების დივერსიფიკაცია მიდის ჩვენს საწარმოში და ვეძებთ ახალ ბაზრებს. შევარჩიეთ ეს ქვეყნები. სინგაპური არის ერთ-ერთი მაღალ სეგმენტიანი ქვეყანა, ასევე იაპონია. მალაიზია საკმაოდ საინტერესოა, რადგან დიდი ქვეყანაა. აქვთ წვენის მოხმარების კულტურა. მოსწონთ ნატურალური წვენები და ჩვენიც მოეწონათ. ამ ქვეყნების სამ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა. სხვა ქვეყნებთანაც მიდის მოლაპარაკებები.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.

 

პირველ ეტაპზე ,,კულა“ სამივე ქვეყანაში წვენებისა და სოუსების თითო კონტეინერს გააგზავნის. ეს საცდელი პროდუქცია იქნება. ბაზარზე შემდეგში გასაგზავნი პროდუქციის მოცულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს მომხმარებლები ,,კულას’’ წვენებსა და სოუსებს. ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ ახლა პროდუქციის ეტიკეტირების პროცესი მიმდინარეობს, რათა შეფუთვა ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს.

  

,,მაისის ბოლოდან გავაგზავნით პროდუქციას. საწყის პერიოდში სათითაო კონტეინერი წავა და მერე უკვე გაყიდვების მიხედვით იქნება შეკვეთები. ეს არის საცდელი კონტეინერი. ახლა ეტიკეტების დამუშავება მიმდინარეობს და ადაპტაცია მათ კანონმდებლობასთან. შეკვეთები უკვე მოდის და ბაზარზე ზაფხულში შევალთ. ჩემი აზრით ივნისში უკვე გავაგზავნით პროდუქციას. საკმაოდ მოეწონათ ჩვენი პროდუქცია. მოწონება დაიმსახურა როგორც ჩვენმა წვენებმა, ასევე სოუსებმა. ტყემლებმა და ბარბიქიუს სოუსებმა. ამის შედეგია, რომ დავიწყეთ მოლაპარაკება და ისინი გამოგვეხმაურნენ და უნდათ ჩვენი პროდუქცია. პირველ ეტაპზე წვენებს შევიტანთ და სოუსებს.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.

კომპანიას ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე დაახლოებით 28 ქვეყანაში გააქვს. ,,კულას“ წარმოების 70% სწორედ უცხოურ ბაზრებზე იყიდება.