ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA 2026-ზე 11 ქართული კომპანია, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებლებიც იყვნენ წარმოდგენილები.

როგორ ჩაიარა გამოფენამ და რა პერსპექტივები აქვს ლურჯი მოცვის წარმოებას, რადიო „კომერსანტის“ ეთერში „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ ისაუბრა.

ეკატერინე ვეფხვაძის ინფორმაციით, FRUIT LOGISTICA ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული, მასშტაბური გამოფენაა ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოებაში, რომელშიც სექტორის გიგანტი კომპანიები მონაწილეობენ. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ იცოდა გლობალურმა მომხმარებელმა, რომ საქართველო ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყანა იყო, დღეს კი ეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

„საქართველოს არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, სეზონურობა. ლურჯი მოცვის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნებია, მათ შორის, ესპანეთი და პორტუგალია. მათი მოსავალი რომ მთავრდება, სანამ კრეფა დაიწყება ისეთ დიდ მწარმოებლებში, როგორებიცაა პოლონეთი და უკრაინა, ჩნდება ფანჯარა, რომელიც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. გარდა ამისა, თვალსაჩინოა ჩვენი ხარისხიც“, - აცხადებს ეკატერინე ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში სექტორი 40%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გასაღების ძირითად ბაზარს, ეკატერინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ლურჯი მოცვის 85-90% რუსეთში გადის, თუმცა მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდან მზარდია.

„გვაქვს ტრანსპორტირების პრობლემა. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიყენებთ მგზავრთა გადამყვან თვითმფრინავებს და შეზღუდული ვართ რაოდენობებში, ევროპის მიმართულებით გვჭირდება სხვა შესაფუთი მასალები, სერტიფიცირება და ასე შემდეგ. რუსეთის შემთხვევაში სერტიფიცირებაზე მოთხოვნა არ არის, გადაზიდვა მარტივად ხდება, ნაკლები კონტროლია ხარისხის კუთხით და მოთხოვნაც მაღალია. რაც შეეხება ლურჯი მოცვის ფასს, დაახლოებით 7 დოლარი გამოდის ადგილზე ჩატანილის ფასი, დაუხარისხებლის ღირებულება კი დაახლოებით 4 დოლარია“, - ამბობს ეკატერინე ვეფხვაძე.