სვანური სამზარეულოს როლი ქართულ ტრადიციულ კულინარიაში განსაკუთრებულია. სწორედ ამ განსაკუთრებულობისა და უნიკალურობის გამო გახდა ქსენია ფარჯიანი  სვანური სამზარეულოს და კერძების რეცეპტების მემკვიდრე და მფარველი.

ქსენიამ ცოტა ხნის წინ უფროსი თაობის ქალებისგან შეგროვებული ინფორმაციით,  გამოსცა წიგნი- „კულინარიული ოდისეა სვანეთში“,რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. წიგნის პრეზენტაცია რადიო „კომერსანტის“ ეთერში წარიმართა.

"სვანური კულინარია იმიტომ შევისწავლე, რომ სვანური ოჯახის რძალი ვარ. ჩემთვის სვანური კულტურა და სამზარეულო ყოველთვის საინტერესო იყო და მიკვირდა კიდეც, კუბდარის და ჭვიშტარის გარდა, რატომ არ იყო ცნობილი სხვა კერძებიც, მაშინ, როცა სვანეთის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. ინფორმაციას უფროსი თაობის ქალებისგან ვაგროვებდი, მათ შორის ჩემი დედამთილისგან, მათ ვეკითხებოდი რეცეპტებს, რას ამზადებდნენ მათი დედები და ბებიები. ტურისტები როცა მოდიოდნენ ყოველთვის აინტერესებდათ, რისი გასინჯვა შეეძლოთ და მეც ამიტომ დავიწყე უნიკალური სვანური კერძების მომზადება. 

მაგალითად, ბოლო სამი წელია განახლდა სვანური ყველის - ნარჩვის წარმოება.

ამ კერძების შესანახად და რეცეპტების გადასარჩენად გამოვეცით წიგნი- „კულინარიული ოდისეა სვანეთში“, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზეა დაწერილი, ჩემთვის გამოსარჩევი კერძი მაინც კანაფის ხაჭაპურია",- აღნიშნა ქსენია ფარჯიანმა.