ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში კიდევ ერთი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდა. კერძოდ, მორიგი ბლოკ-მატარებელი დასავლეთ ჩინეთის ორ მსხვილ ქალაქში, ჩენდუსა და ჩუნცინში დაიტვირთა და 9 ივლისს, სინძიან-უიღურეთის ავტონომიურ რაიონში მდებარე ხორგოსის ტერმინალის გავლით ყაზახეთისკენ გაემართა.

ინფორმაციას AZERTAC ავრცელებს.

მატარებელი შუა დერეფნის გასწვრივ გააგრძელებს მოძრაობას და კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით საქონელს ევროპის ქვეყნებს მიაწვდის. შემადგენლობა საკომუნიკაციო აღჭურვილობით, ავტონაწილებითა და სხვა პროდუქციით არის დატვირთული.

მოელიან, რომ მატარებელი ბაქოში ტვირთს, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, 30 დღით უფრო სწრაფად ჩაიტანს. ტვირთის ნაწილი ბაქოდან საქართველოში, თურქეთსა და სერბეთში გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 10 დღის განმავლობაში უკვე მეორე მატარებელია, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის მარშუტზე გავიდა. კერძოდ, 30 ივნისს, ახალი ხაზის ფარგლებში პეკინის ფანშანის რაიონში მდებარე სადგურიდან იმავე ხორგოსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ყაზახეთის პორტ აქტაუსკენ პირველი მატარებელი გავიდა, რომელიც ავტონაწილებითა და მექანიკური აღჭურვილობით დატვირთული 104 სტანდარტული კონტეინერისგან შედგება. ტვირთის ღირებულება 15 მლნ იუანზე, ანუ, დაახლოებით 2.093 მლნ დოლარზე მეტია.

ეს ტვირთი ზღვით აზერბაიჯანის ალიათის პორტში შევა და რკინიგზით ბაქოში გადაიგზავნება. ბაქოში ჩასვლის შემდეგ კონტეინერების ნაწილი საქართველოში, თურქეთში, სერბეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში გადამისამართდება. საერთო სიგრძე 8000 კმ-ს აღემატება, ხოლო ბაქოში მატარებელი გასვლიდან 15 დღეში, ანუ მიმდინარე თვის შუა რიცხვებში უნდა ჩავიდეს.

მარშრუტი მულტიმოდალური სქემით, „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზით“ რეალიზდება.

ერთი თვის წინ საქართველოსკენ, როგორც საბოლოო დანიშნულების ქვეყნისკენ კიდევ ერთი ჩინური მატარებელი, China-Europe Express კოვიდპანდემიის გავრცელების ქალაქ უხანიდან, ასევე, პირველად გამოვიდა. კერძოდ, თბილისისა და ფოთის პორტის მიმართულებით მატარებლის ტვირთი 14.82 მლნ იუანზე, ანუ დაახლოებით, 2.06 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს, მათ შორის, მსუბუქ მექანიკურ აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სამშენებლო მასალებს შეადგენდა. მგზავრობას, დაახლოებით, 18 დღე დასჭირდა. ესეც ახალი მარშრუტია, რომლითაც ჩინეთის პროვინცია ხუბეი შუა დერეფანში ჩაერთო. უხანიდან საქართველოში საქონლის ტრანსპორტირება, ასევე, მულტიმოდალური „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზის“ სქემით განხორციელდა.

ცნობისთვის: ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ, დაახლოებით, 600 საკონტეინერო მატარებლის გამგზავრება არის დაგეგმილი. ჩინეთიდან შუა დერეფნით, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) კონტეინერების ტრანზიტი 2024 წელს ქალაქ სიანში ყაზახეთ-ჩინური ტერმინალის გახსნით საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის შედეგებით, ჩინეთიდან TITR-ის გასწვრივ 358 საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 33-ჯერ მეტია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი