საქართველოს სადაზღვევო სექტორი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის მოლოდინშია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ქვეყანა ეტაპობრივად გადადის ევროპულ, რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობის სისტემაზე, რომელიც Solvency II-ის სახელითაა ცნობილი.
ონოფრიშვილის განმარტებით, აღნიშნული რეჟიმი სრულიად ცვლის არსებულ სტატიკურ მიდგომას და აქცენტს კომპანიების მართვის ხარისხსა და რისკების სწორ შეფასებაზე აკეთებს.
„ეს არის სრულიად სხვანაირი მიდგომა ზედამხედველობის, მართვის და თვითონ მზღვეველებისთვის, მართვის სტრუქტურის კუთხით. ბევრი ვალდებულება უკვე კომპანიებზე გადადის - რისკების დათვლა, გათვლების მომზადება. ზედამხედველობაც თავის ფუნქციას ასრულებს, ოღონდ თვისობრივად სხვანაირად ხდება ეს“ - ამბობს ონოფრიშვილი BMG-სთან.
მისივე ცნობით, ახალი მოდელი სამ ძირითად სვეტს (პილარს) ეყრდნობა: 1) კაპიტალის მოთხოვნები: გადახდისუნარიანობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება. 2) მმართველობითი ფუნქცია: რომელიც მოიცავს მართვის, შესაბამისობისა და შიდა აუდიტის გაძლიერებას. 3)გამჭვირვალობა: ანგარიშგების ახალი ფორმები და მაქსიმალური საჯაროობა.
ონოფრიშვილი ხაზს უსვამს, რომ რეფორმის მთავარი ბენეფიციარი მომხმარებელია. სისტემის მიზანია, რომ ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას ზარალი გარანტირებულად ანაზღაურდეს, თუმცა, მისივე თქმით, ახალ სისტემაზე გადასვლა აუცილებლად, კაპიტალის მოთხოვნების ზრდას არ ნიშნავს.
„მთავარი ფუნქცია ჩვენთვის და მოსახლეობისთვის არის ის, რომ რაც კონტრაქტში დაიწერება, გარანტირებულად შესრულდეს. როცა კომპანიები იღებენ ვალდებულებას, ზარალი იყოს ანაზღაურებული, ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ფინანსები და მართვის სპეციფიკურობა“ - ამბობს ონოფრიშვილი.
მისი განმარტებით, ეს არ არის „მარტივი გადასვლა“, სადაც კანონის მიღება მეორე დღესვე ცვლის რეალობას - ევროპის ქვეყნებს ამისთვის საშუალოდ 8-10 წელი დასჭირდათ. საქართველოში უკვე მესამე წელია სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც კანონპროექტს ხვეწს. მისივე თქმით, „Solvency II-ზე გადასვლა სადაზღვევო ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
კითხვაზე, თუ როგორ აისახება ახალი რეგულაციები პროდუქტის ღირებულებაზე, ონოფრიშვილი ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა კომპანიებისგან დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. მისივე თქმით, ხარჯების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა ეს პირდაპირ კავშირშია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
„ხარჯი გაიზრდება იმიტომ, რომ კომპანიას აქტუარი უნდა ჰყავდეს და უფრო კარგად დათვალოს საკუთარი პროდუქტი. ხარჯი შეიძლება გაიზარდოს იმიტომაც, რომ ხდება ახალი ციფრული სისტემების დანერგვა. დღეს კონტრაქტის გაფორმება ტელეფონით, ინტერნეტით ძალიან მარტივად შეიძლება. როცა ამას აკეთებ, ხარჯი გეზრდება, მაგრამ ვინც წინ წავა და მეტს დახარჯავს, ის უფრო მოგებიანი და კონკურენტუნარიანი იქნება, ვიდრე ის, ვინც ჩამორჩება და შეიძლება ბაზრიდან გაქრეს კიდეც“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ფასებს მომხმარებლისთვის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან Solvency II-ზე გადასვლა ეტაპობრივი, მრავალწლიანი პროცესია.