„დიოს“ მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზანთან და დემოკრატიულ განვითარებას არ შეესაბამება.

როგორც თამაზ დაუშვილმა კანონპროექტის შეფასებისას „კომერსანტს“ განუცხადა, მისი მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება.

„სამწუხაროა, რომ ერთი წლის თავზე კიდევ გვიწევს ამ თემაზე საუბარი, ეს არაფერში არ სჭირდება ჩვენს ევროპულ მომავალს. ეს არ არის სახუმარო ამბავი, ისტორიაში ბევრი ამბავი გვქონია, როცა მსგავსი შეცდომები ძალიან ძვირი დაგვიჯდა.

ყველაფერი ის, რაც პრობლემას შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, მათ შორის ეს კანონიც, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ბუნებრივია, ყველაფერი, რაც დემოკრატიას ზიანს აყენებს, იმოქმედებს ბიზნესკლიმატზეც.

კანონის მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება. ინვესტორი, რომელიც საქართველოს პერსპექტივით უყურებს შეიძლება დაფიქრდეს და გადაიფიქროს ჩვენთან შემოსვლა და ინვესტირება, ხოლო ვინც უკვე არის, ანუ ის თითო-ოროლაც, ქვეყნიდან სულ გავიდეს.

საქართველოს ეკონომიკას ძალიან სჭირდება დასავლური ინვესტიციები, ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომლებიც პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს და არა ისეთი ინვესტორები, რომლებისთვისაც სულ ერთია რა ტიპის კანონებია ქვეყანაში“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს კენჭისყრით დასრულდა. კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო. დოკუმენტის მიხედვით, „უცხოური ძალის აგენტი“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“ ჩანაცვლდა. სტატუსი ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას მიენიჭება, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ატვირთვა მოუწევთ. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება იუსტიციის სამინისტროს შეეძლება.