„იშვიათია, რომ თურქი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში და დიდი ინვესტიცია განახორციელოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველო-თურქეთის სავაჭრო პალატის წევრმა, მეჰმედ მელექმა განუცხადა.
მისი თქმით, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად ბიზნესი თავს იკავებს აქ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისგან.
„ამჟამად არსებული გლობალური პრობლემების გამო, ყველა თავს იკავებს ინვესტიციების ჩადებისგან. საქართველოშიც არის პრობლემები და აქედან გამომდინარე, იშვიათია, რომ თურქი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში და დიდი ინვესტიცია განახორციელოს.
პირველ რიგში, ქვეყანაში სტაბილურობა არის საჭირო; ამასთანავე, გლობალურად მთელ მსოფლიოში აუცილებელია სტაბილურობაა იმისთვის, რომ ბიზნესმა ფული ჩადოს საქმეში და ინვესტიციები განახორციელოს. ამჟამად სამწუხაროდ, ძალიან დიდი ინვესტიციები არ არის დაგეგმილი თურქეთიდან და ჩვენ უნდა წამოვჭრათ ეს საკითხი“, - აღნიშნავს მელექი.
გარდა ამისა, მელექმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კადრების დეფიციტზე და აღნიშნა, რომ ბიზნესს კადრების მოძიება უჭირს.
საქართველოსა და თურქეთს შორის 2021 წლიდან მოქმედებს დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საშუალება ეძლევა, პროდუქცია თურქული ნედლეულით აწარმოოს და მისი ექსპორტი, made in Georgia-ს სახელით, ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განახორციელოს.
აღნიშნული შეთანხმების ეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი იაფი მუშახელი იყო. ახლა კი როცა ქვეყანაში კადრების დეფიციტია და სპეციალისტების მოძიება ბიზნესს უჭირს, დავინტერესდით რამდენად უქმნის ბიზნესს აღნიშნული საკითხი პრობლემა.
„საქართველოსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულება არის გაფორმებული და ამ დიაგონალური ხელშეკრულების ფარგლებში თურქი ბიზნესმენები ძირითადად ბათუმში ტექსტილის სფეროში ახორციელებენ ბიზნესს. რა თქმა უნდა, კადრების დეფიციტი მათთვისაც და იმათთვისაც, ვისაც ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება უნდა, არის დიდი რისკი, დიდი პრობლემა იმ კუთხით. თუ თანამშრომლებს ვერ იპოვიან, სტანდარტული პირობები უნდა გააუმჯობესონ, რათა კადრები იპოვონ ან სხვა კომპანიებიდან გადმოიყვანონ. ეს, რა თქმა უნდა, მათ ხარჯებს გაზრდის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მეჰმედ მელექმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უფრო კონკრეტულად, ბოლო 5 წელში თურქეთიდან ინვესტიციები ასე გამოი„ყურებოდა:
- 2020 წელი - 80.3 მილიონი დოლარი;
- 2021 წელი - 101.4 მილიონი დოლარი;
- 2022 წელი - 102.7 მილიონი დოლარი;
- 2023 წელი - 109.5 მილიონი დოლარი;
- 2024 წელი - 93.27 მილიონი დოლარი.