მაშინ როცა წრიული ეკონომიკა დასავლეთშიც კი განვითარების საწყის ეტაპზე იყო, საქართველოში,  ქართული კაპიტალით, შესაფუთი საშუალებების საწარმო „კავკასპაკი” შეიქმნა.

კომპანია დღეს უკვე 14 წლისაა და საკვები და არასაკვები პროდუქტებისათვის გადამუშავებული და გადამუშავებადი პლასტმასისგან შესაფუთ მასალებს აქტიურად აწარმოებს.

„კავკასპაკის“ მმართველი პარტნიორი, ამირან ცერცვაძე “კომერსანტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში გადამმუშავებელი ინდუსტრიის არარსებობის გამო კომპანია დღემდე საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული.

,,ჩვენი ნედლეულის მოხმარების ძირითადი კომპონენტი გადამუშავებული ბოთლია. 13-14 წლის წინ, როცა ევროპაშიც კი წრიული ეკონომიკა განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოში ჩვენი კომპანია იყო ერთ-ერთი, რომელიც აქტიურად მოიხმარდა გადამუშავებულ ნედლეულს საკუთარი პროდუქციის წარმოებისა და შემდგომი რეალიზაციისთვის. მაშინ, როცა წარმოება დავიწყეთ პრეტენდენტი არ იყო გადამმუშავებელი საწარმოების, პრაქტიკულად  დღემდე საერთაშორისო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. ნედლეული ძირითადად აზიიდან შემოგვაქვს, რომელიც სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის მწარმოებელია; საქართველოს გარდა, ჩვენი მომმარაგებელი კომპანიები მუშაობენ როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს ბაზარზე.

რაც დრო გადის გადამმუშავებელი საწარმოების კონტროლი უფრო და უფრო მკაცრდება, რადგან ნედლეუილი რთულად მოსაპოვებელია და შესაბამისად ფასიც უფრო ძვირდება.

ინდუსტრიის არ არსებობის გამო, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ადგილობრივ ბაზარზე გადამუშავებული საწარმოდან შევიძინოთ ნედლეული“,- აღნიშნავს ცერცვაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვა სრულად აიკრძალება, ამ მკვეთრი გადაწყვეტილების მიზეზად საკანონმდებლო ორგანომ ეკოლოგიაზე ზრუნვა დაასახელა.

გადაწყვეტილებას კერძო სექტორში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ბაზრიდან პლასტმასის ბოთლების ამოღება  ორი და მეტი ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელების გაქრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი მოცულობის შუშის ბოთლების წარმოება სასმლის ღირებულებას მინიმუმ 50%-ით გაზრდის.

გარდა ამისა, ბიზნესს სექტორში ამბობენ, რომ პლასტმასის ბოთლს ბაზარზე ალტერნატივა არ გააჩნია.

ამირან ცერცვაძის შეფასებით, პეტის ბოთლებთან დაკავშირებული რეგულაცია ბიზნესისთვის როგორც შესაძლებლობა, ისე გამოწვევაა.

,,კავკასპაკში“ ამბობენ, რომ გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულის სრულად ათვისება შეუძლიათ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ახალი რეგულაციები, განსაკუთრებით ერთჯერადი პლასტიკის აკრძალვასთან ერთად, ბიზნესისთვის თავდაპირველად მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო.

,,საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით პეტის ბოთლებთან დაკავშირებულ კანონს. გაჟღერდა კიდეც, რომ რამდენიმე ბიზნესოპერატორი მზადაა გადამმუშავებელ ინდუსტრიას ხელი შეუწყონ. ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ ინიციატივაში ჩავერთოთ და თუ რაიმე ტიპის ნედლეული რაოდენობრივად შეიძლება რომ გენერირდეს ამ გადამუშავების პროცესში 100%-ით შეგვიძლია რომ ავითვისოთ.

აღნიშნული რეგულაცია ჩვენს ბიზნესს ერთმნიშვნელოვნად ეხება. პეტის ბოთლებთან დაკავშირებით სანამ ინიცირდებოდა კანონი, მანამდე სხვა ტიპის პლასტიკის აკრძალვასთან ინიცირდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო გაფართოებული პოლიესტირელი, საწრუპები, დანები, კოვზები და ასე შემდეგ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ევროპაში მსგავსი ტიპის პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს.

ჩვენი პროდუქცია საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალი მიმართულებით ვაწარმოებთ პროდუქტს. ასევე, საქართველო მოცვის წარმოების მხრივ იმკვიდრებს ადგილს და ჩვენ მთავარი მიმწოდებლები ვართ ბაზარზე, მოცვის შესაფუთი ყუთების.

აღნიშნული რეგულაციები პირველ რიგში ჩვენთვის იყო დიდი სიურპრიზი და ბუნდოვანი“,- ამბობს ამირან ცერცვაძე.

„მსგავსი შეზღუდვების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“

კავკასპაკის მმართველი პარტნიორის, ამირან ცერცვაძის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა, ყველაზე მკაცრი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მქონე ქვეყნებშიც კი არ მოქმედებს.

„ის, რაც ყველაზე მკაცრი კანონების მატარებელ ქვეყნებში არ ხდება დ არ იკრძალება, აპირებენ ჩვენთან შემოიღონ. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ ურტყამს ბიზნესს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს.

ჩემი კოლეგების აზრიც მოვისმინე და ვთანხმდებით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარებად არის მიღებული და არ არის გააზრებული ის რისკები, რის წინაშეც ქვეყანა შეიძლება დადგეს.

დიდი სიხარულით მოაწერდნენ ხელს განვითარებული ქვეყნები პლასტიკის სრულად ამოღებას, მაგრამ ის უკვე ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. თავიდან ძალიან ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა, რომ პლასტიკი სრულად ამოეღოთ და გაენულებინათ, მერე შეცვალეს რიტორიკა და დამოკიდებულება, რადგან ამის განხორციელება შეუძლებელია.

მსგავსი ტიპის შეზღუდვების პრეტენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. ზოგადად ეს  საკითხი სხვა კუთხის მიდგომებს საჭიროებს, უფრო მმართველობითი კუთხით. მსოფლიოს პრაქტიკა არის ნარჩენების შეზღუდვა შემცირების ან ხელმეორედ გამოყენების ნაწილში“,- აღნიშნა კავკასპაკის მმართველმა პარტნიორმა.

,,კავკასპაკში“ გვეუბნებიან, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად ართულებს ბიზნესის საქმიანობას და უკვე შეაფერხა საერთაშორისო თანამშრომლობაც - მათ შორის, აშშ-ის მსხვილ მწარმოებელთან მიმდინარე საინვესტიციო მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი ვიზიტიც კი გაუქმდა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი გადაიხედება, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციული არ იყოს.

,,ჩვენს პროდუქციას და პეტის ბოთლებს ერთმანეთისგან თვისებრივი სხვაობა არ აქვს, ორივე ერთნაირი ნედლეულისგან იწარმოება. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილში ჩვენი კომპანია დისკრიმინაციულად ცალკე მდგომი არ დარჩება.

მთავრობის ახალი ინიციატივა ჩვენს მდგომარეობას საკმაოდ ართულებს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური მოლაპარაკება გვაქვს აშშ-ში ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელთან, რომელიც იდენტური პროდუქციის მწარმოებელია. ამერიკული მხარე სერიოზულად იყო დაინტერესებული ჩვენთან ინვესტიციით, დაიგეგმა კიდეც ვიზიტი, აღნიშნული კანონპროექტის ინიციირების შემდეგ ვიზიტი გავაუქმეთ.

ევროპაში ჩვენი ტიპის პროდუქციის და პეტის მოხმარებას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მეცნიერულად არის არის დამტკიცებული. პირდაპირი შემხებლობის ნაწილში პეტის და საკვები პროდუქციის შერევა არ ხდება და იგი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის; ასე რომ იყოს, ჩვენზე უფრო ძლიერი ეკონომიკები უკვე იზრუნებდნენ და აკრძალავდნენ“,- აღნიშნა ცერცვაძემ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.