საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს, ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ეტაპობრივად ევროპული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას - სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას ავითარებს, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს“.
TCRC-ს ინფორმაციით, ამის რეალური დადასტურებაა შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მასშტაბური პროექტი, რომელიც ღამის მატარებლებისთვის 600 თანამედროვე საძილე ვაგონს აშენებას ითვალისწინებს.
„კონტრაქტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აღემატება. მეზობელ ყაზახეთში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების, კერძოდ, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის განსავითარებლად.შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის განვითარება? ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გაცემული დაპირება.საქართველოში გათვალისწინებული იყო სარკინიგზო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებისათვის შვეიცარიულ კომპანია Stadler Rail-თან ერთობლივად თბილისში რეგიონული ქარხნის მშენებლობა, რაზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად 2018 წელს მოეწერა ხელი.დოკუმენტს - თბილისის მერმა კ. კალაძემ, კომპანია Stadler-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პ. შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა დ. ფერაძემ მოაწერეს ხელი.დედაქალაქის მერის მიერ გაიცა დაპირება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის Stadler-ის ვაგონების საქართველოში წარმოების შესახებ.ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Stadler-ის ვაგონების ადგილობრივი წარმოებით შესაძლებელი იყო დამატებით საქართველოს მეტროპოლიტენისთვის სავაგონო პარკის შევსება და კომბინირებული „მეტროპოლიტენი - რკინიგზის“ესოდენ აუცილებელი ქარხნის მშენებლობა.იმდროინდელ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ვინაიდან შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნეს გარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, Stadler-მა საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო“.
თბილისში აღნიშნული ქარხნის მშენებლობა ვერ განხორციელდა. Stadler-ის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ის რაც ვერ გამოიყენა საქართველომ, გამოიყენა მეზობელმა ყაზახეთმა. დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ ყაზახეთში Stadler-ის ქარხნის განვითარების ეტაპებს. შვეიცარიულ მხარესთან კონტრაქტის ფარგლებში, ყაზახეთში გათვალისწინებულია 2030 წლისთვის 600 ვაგონის წარმოება, მათ შორის კუპე ვაგონების, დაჯავშნილი ადგილების მქონე ვაგონების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ვაგონებისა და გენერატორ ვაგონების.
Stadler Rail-ის განმარტებით, შვეიცარიულმა მხარემ თავის თავზე აიღო, თითქმის ნულიდან, ქარხნის კონტროლი და ყაზახეთში ქარხნის აშენება, რაც Stadler-ის სტანდარტების შესაბამისად წარმოების ხაზებიდან ხარისხის კონტროლის სისტემამდე სამუშაოების ორგანიზებას ითვალისწინებდა.პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს კომპანიის პირველი მსგავსი წამოწყება არ არის. Stadler-ი ადრე წარმოებას ბელარუსში ავითარებდა (ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზაზე Stadler-ის ოთხი სამგზავრო მატარებელი ბელარუსშია აშენებული), თუმცა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ პროექტი შეწყდა.
ყაზახეთისთვის Stadler Rail-ის შეკვეთა შემთხვევითი არ არის, ბოლო წლებში ყაზახეთი აქტიურად ახორციელებს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ქვეყანა ფოკუსირებულია მგზავრების კომფორტსა და შიდა მობილობის განვითარებაზე.
Stadler Rail-ის პროექტი ყაზახეთსა და შვეიცარიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების უფრო ფართო კონტექსტში ეწერება. ცნობისათვის, შვეიცარია ყაზახეთისთვის რიგით მესამე უცხოელ ინვესტორს წარმოადგენს.
Stadler Rail-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პ. შპულერმა, ასტანის ქარხნის მონახულებისას, როდესაც შესაძლო გეოპოლიტიკურ რისკებზე ჰკითხეს, უპასუხა: „რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა; ყაზახეთში ჩვენ ვხედავთ სტაბილურობას და თამაშის მკაფიო წესებს“. სახეზეა, რომ ყაზახეთში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად. დასანანია, რომ ანალოგიური საწარმო შესაძლებელია საქართველოშიც აშენებულიყო, Stadler-ის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - წერია TCRC-ს ინფორმაციაში.