ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო გულეიშვილის განცხადებით, ქალაქებში გაზის დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი დარღვევა გაქირავებულ ბინებსა და იტალიურ ეზოებში ფიქსირდება.

მანვე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" მომხმარებლებს გაზის დანადგარების უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"კომპანიები ბუნებრივი აირის დანადგარების ყოველწლიურ შემოწმებას აწარმოებენ. ჩვენ "თბილისი ენერჯის" ვთხოვეთ და დავათვალიერეთ ის ადგილი, სადაც კონკრეტულად ხორციელდება კომპანიის თანამშრომლების გადამზადება და დატრენინგება. შესაბამისად, როდესაც კომპანიის თანამშრომელი მომხმარებელს შენიშვნას აძლევს ამას აუცილებლად უნდა ენდონ და რეკომენდაციები გაითვალისწინონ. 

ცივი ზამთარია და ამ დროს ბუნებრივი გაზის დანადგარებს დახურულ სივრცეში მოვიხმართ, ანუ თითქმის ყველა ფანჯარა ამ დროს დახურულია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ დანადგარები და ქსელი იყოს მოწესრიგებული. გარდა ამისა, ქარმა არასწორად დამონტაჟებული დანადგარიდან მავნე ნივთიერებების შემოტანა იცის, რომელიც ასევე, მომატებულ საფრთხეს წარმოადგენს მომხმარებლებს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მომხმარებლებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ყველაფერს და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. 

გამოვლენილი დარღვევების კუთხით დინამიკაში სამწუხაროდ შემცირებული რაოდენობა არ არის. პირიქით, მაგალითად, რეგიონებში დარღვევების რაოდენობა არის გაზრდილი. "თბილისი ენერჯი" ემსახურება  600 000 აბონენტზე მეტს და 400 000-ზე მეტ აბონენტთან იყო დარღვევა გამოვლენილი. რაც შეეხება რეგიონებს - "სოკარ ჯორჯია გაზს", რომელსაც 500 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს საერთო ჯამში 400 000 გადამოწმებული აბონენტიდან 41 000 დარღვევა გამოვლინდა. განსხვავება არის რეგიონებსა და ქალაქებს შორის ის, რომ ქალაქებში ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლენილია გაქირავებულ ბინებსა და იტალიურ ეზოებში", - აცხადებს ნინო გულეიშვილი. 

bp.ge