ბანკებმა იპოთეკური სესხების დაკრედიტება შეამცირეს. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ფაქტს სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანიები და დეველოპერები. საკითხზე ჩვენ ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მენეჯერს ვესაუბრეთ. ირაკლი ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ იპოთეკური სესხების გაცემის შემცირება რამდენიმე მიზეზს უკავშირდება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხების უპრეცედენტოდ გაზრდილი წილია. რის გამოც საფინანსო ინსტიტუტები სიფრთხილეს მიმართავენ. კიდევ ერთ მიზეზი პროდუქტზე მოთხოვნის კლებას უკავშირდება. ირაკლი ბერეკაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებელიც ფრთხილობს და თავს იკავებს მოცულობითი საფინანსო ვალდებულების აღებისგან.

„ბანკების იპოთეკური პორტფელი უპრეცედენტოდაა გაზრდილი, შესაბამისად, გასაგებია, რომ მათი მმართველი საბჭოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია ამ სეგმენტში შემდგომი ზრდის პერსპექტივები და დამატებით ძალისხმევა იწევა, როგორც უძრავი ქონების ბაზრის, ისე საკუთარი პორტფელის სიჯანსაღის ანალიზის ნაწილში. დაძაბული გეოპოლიტიკური გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გარკვეული მოთხოვნის კლება პროდუქტზე - მომხმარებელს ურჩევნია დროებით თავი შეიკავოს მოცულობითი ინვესტიციის გაკეთებისა და დიდი ვალდებულებების აღებისგან. მაღალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე ნაკლებად მიმზიდველს ხდის საკრედიტო პროდუქტს. მოთხოვნის ზრდა ახალ/მშენებარე საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, სადაც შიდა განვადებით უფრო და უფრო ხშირად სარგებლობენ“, - აცხადებს ირაკლი ბერეკაშვილი.

ბანკების მიერ იპოთეკური სესხების გაცემის შემცირება სამშენებლო ბიზნესს გამოწვევას უქმნის. ირაკლი ბერეკაშვილი განმარტავს, რომ ამით რთულდება და ძვირდება მშენებლობა და დარგი ნაკლებად მომგებიანი ხდება. მისივე განცხადებით, ეს ცუდად აისახება უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელზეც, რომელიც ბანკის სესხზეა დამოკიდებული.

,,იპოთეკური სესხების გაცემის შემცირების ფონზე დეველოპერულ კომპანიებს უწევს შიდა განვადების პირობების გაუმჯობესება, რაც მათი მხრიდან პროექტების დაფინანსებისთვის მოსაზიდი სასესხო და საინვესტიციო რესურსის საჭიროებას საგრძნობლად ზრდის, შესაბამისად ართულებს და აძვირებს მშენებლობას და ამცირებს დარგის მომგებიანობას. თუ განვიხილავთ ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემის შემდგომ, უფრო გრძელვადიანი შეზღუდვის სცენარს, ბუნებრივია, ეს პირდაპირ დაარტყამს უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადახდის უნარს, თუმცა საბანკო დაკრედიტებაზე დამოკიდებულ ნაწილს. ეს კი თავის მხრივ ნეგატიურად აისახება დარგის კომპანიებზე.  განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში ინიცირებული მსხვილი დეველოპერული პროექტების ბაზრისთვის აქტიური და დიდი მოცულობის მიწოდება სახეზეა.’’- აცხადებს ირაკლი ბერეკაშვილი.

,,სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მენეჯერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მასშტაბური ნეგატიური შედეგები არ დამდგარა. ირაკლი ბერეკაშვილი იმედოვნებს, რომ გამოწვევა მასშტაბურ პრობლემად არ გარდაიქმნება.

,,ამ ეტაპზე ნეგატიური შედეგები ჯერ მძაფრად არ იგრძნობა. ვვარაუდობთ, რომ გლობალური და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მოლოდინები იპოთეკურ დაკრედიტებისა და უძრავი ქონების ბაზარზეც დადებითად აისახება, შესაბამისად ველოდებით, რომ მასშტაბურ პრობლემაში არ გადაიზრდება.’’- განმარტავს ირაკლი ბერეკაშვილი. 

პროცესში უკვე ჩაერთო ეროვნული ბანკი. მისი გადაწყვეტილებით, შერბილდა სესხის აღების რეგულაცია და უძრავი ქონების შეძენისას თანამონაწილეობაზე მოთხოვნის მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდა. აღნიშნულ ფაქტს ,,სიმეტრიაში“ დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ თუ შემდგომი ინიციატივების შედეგად შესაძლებელი გახდება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაც, ეს დამატებითი ძალიან ქმედითი წამახალისებელი ფაქტორი გახდება.

,,საბანკო სექტორის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებაზე ძალიან მაღალია. აქ ასევე იგულისხმება სამშენებლო-დეველოპერული პროექტების დაფინანსება, რაც არა მარტო პროექტის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის და წარმატების გარანტია, არამედ მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაცაა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, აუცილებელია ყველა აქტორის (ხელისუფლება, ეროვნული ბანკი, კომერციული საბანკო სექტორი, დარგის კომპანიები) ერთიანი, კოორდინირებული გეგმით მუშაობა, რაც უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის, შემდგომი ეკონომიკური ზრდის და სოციალური სტაბილურობის მიღწევის ღონისძიებების ერთობლიობას, რომლის შედეგადაც მიღწევადია როგორც კომერციული ბანკების ისე მომხმარებლის მხრიდან დარგის რისკიანობის აღქმის შემცირება და დაკრედიტების პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის გაუმჯობესება.’’- აცხადებს ირაკლი ბერეკაშვილი.