ენერგიის ნაკლები დანახარჯი, ეკონომიკური სარგებელი, ვარგისობის მაღალი ხარისხი, არასასურველი სითბოს გამოყოფის შემცირება და ელექტროსადენების გადახურებისგან დაცვა - ეს იმ ბენეფიტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ენერგოეფექტურობას ახლავს თან.
ენერგოეფექტურობა დოგმატურ მიდგომებს სცდება და მხოლოდ ენერგიის დაზოგვას კი არ მოიცავს, არამედ უპირველესად, ნაკლები ან იგივე დანახარჯებით, ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.
ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში მომზადებულ „კომერსანტის“ რუბრიკაში, „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გიორგი აბულაშვილი აღნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე, ენერგოეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ნათურაა.
მისი თქმით, ენერგოეფექტური ნათურები 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე სტანდარტული, ვარვარა ნათურები, თანაც, ენერგოეფექტური ნათურის ვარგისობა 8-ჯერ უფრო მეტია.
,,ენერგოეფექტურობა ხელშესახებ დონეზე ნიშნავს, ნაკლები ენერგიის მოხმარებას, რაც ნაკლებ გადასახადებში კონვერტირდება; შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც იგივე გადასახადებით უფრო მეტი კომფორტის წარმოებაც.
ელექტროენერგიაზე თუ ვისაუბრებთ ეს არის, ძირითადად საყოფაცხოვრებო მოხმარებაში გამოყენებადი ხელსაწყოები, უპირველესად განათება: რეგიონებში ჯერ კიდევ გამოიყენება ვარვარების ნათურები, რომლის ჩანაცვლებაც ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.
1 ვარვარა 100-ვატიანი ნათურის ჩამნაცვლებელია 11-12-იანი ლედგანათების ნათურა, ანუ თითქმის ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ერთნაირი განათება აქვს და თანაც, არასასურველი სითბოს გამოყოფას ამცირებს.
ენერგოეფექტურობა არ არის დოგმატური მიდგომა, რომ ენერგია დავზოგოთ ყველაფრის ფასად - ენერგია იზოგება და ეკონომიკურ სარგებელსაც იღებ.
ენერგოეფექტური ნათურების ფასი 5-იდან 20-ლარამდე მერყეობს და თითქმის ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
ვარვარა ნათურის სამუშაო საათები შეიძლება იყოს 1000 საათი, ლედ-ნათურების- კი 8000-10000 საათამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენების დროს სადენების გადატვირთვის საფრთხე მცირდება და ენერგეტიკული სიმდგრადე ბევრად მაღალი ხდება, რადგან ელექტრომიმწოდებელ სადენებს ჯამური დატვირთვა უმცირდება.
ენერგოეფექტურობის კლასიკურ განმარტებას თუ ვნახავთ, ეს ძირითადად, კარგად თბოიზოლირებულ შენობებს მოიცავს. ამას შიდა მიკროკლიმატზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, რაც ადამიანის რესპირატორული გზების ჯანმრთელობაზე უშუალოდ აისახება. საბოლოოდ კი რამდენი კილოვატ საათით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ადამიანი, ნახშირორჟანგით მით ნაკლებად ბინძურდება გარემო და მით უფრო შემცირდება გლობალური კატაკლიზმების რაოდენობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ“,- აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში.