„საქართველო ამიერკავკასიის ჰაბი უნდა იყოს, რისთვისაც ბუნებრივი მდებარეობის გარდა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული კანონმდებლობა საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალს იძლევა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რაც პირველ რიგში ტოლერანტობის მაღალ დონეს გულისხმობს.
„საქმიანი შეხვედრები ხშირ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც ტოლერანტობა მნიშვნელოვნად არის დაფასებული, ანუ ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანები მათი ეროვნებით არ ფასდებიან. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა, საერთო ენის გამონახვის პლაცდარმს სწორედ საქართველოში პოულობდნენ. სამწუხაროდ, ჩვენ ამ როლს ვკარგავთ. საქართველო ამიერკავკასიაში ჰაბი უნდა იყოს, რისთვისაც ბუნებრიობის გარდა, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია.
ამ შემთხვევაში, საქმიანი ტურიზმის ძირითადი კონტიბუტორი სასტუმრო ბიზნესია და ნაკლებად გადადის ეს თემა სარესტორნო ბიზნესზე. სასტუმროების კუთხით ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ოთახების რაოდენობის, არამედ საკონფერენციო სივრცეებიდან შემოსავლის მიღების მხრივაც; სასტუმროს მთავარი შემოსავალი, გარდა საწოლი ოთახებისა, საკონფერენციო სივრცეების გაქირავებაცაა.
საქმიანი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, რა საკვირველია, აქვს, თუმცა თუ ჩვენ ტოტალიტარული ქვეყანა გავხდებით, ტურისტი კი არა ქართველი აღარ დარჩება ქვეყანაში“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ.