დღეს, 17 მარტს, ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, უკრაინისთვის გრანტებისა და სესხების მესამე ტრანში დაამტკიცა. შედეგად, ქვეყანა 3.5 მილიარდ ევროს (დაახლოებით 3.8 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღებს.
2024 წლის დასაწყისში Ukraine Facility-ის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, უკრაინას ზემოხსენებული თანხის ჩათვლით, თითქმის 20 მილიარდი ევრო (21.7 მილიარდი აშშ დოლარი) ექნება მიღებული.
„საბჭომ დღეს დაასკვნა, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი პირობები, რათა მიეღო მესამე ტრანში Ukraine Facility-დან“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის გეგმა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კიევის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე რეფორმების განრიგს ასახავს, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ნაწილია.
როგორც The Kyiv Independent-ი წერს, ამ დაფინანსების მოსაპოვებლად, უკრაინამ განახორციელა 13 ძირითადი რეფორმა, მათ შორის გადადგა ნაბიჯები განახლებადი ენერგიის განვითარების, ენერგეტიკული მარეგულირებლის დამოუკიდებლობის ზრდისა და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივების კუთხით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
ევროკავშირმა Ukraine Facility-ის ოთხწლიანი პროგრამა 2024 წლის თებერვალში დაამტკიცა და 33 მილიარდი ევრო (36 მილიარდი აშშ დოლარი) სესხების სახით, 17 მილიარდი ევრო (18 მილიარდი დოლარი) კი გრანტების სახით გამოყო. მიზანი უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებისა და აღდგენის მცდელობების მხარდაჭერაა.