„იაპონელები და ჩინელები ასეთ ხიდებს 2 დღეში აშენებენ - ჩვენთან ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთს რამდენიმე წელია ვერ დაადგა საშველი“,- ამის შესახებ მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ bpn.ge-სთა საუბრისას განაცხადა.

საუბარია, მცხეთის ხიდზე, რომელსაც ყოველწლიურად რეაბილიტაცია სჭირდება. ამ პროცესის განმავლობაში კი, დასავლეთიდან მომავალი ავტომობილებს რამდენიმე საათიან საცობში უწევთ დგომა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და ის ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წელს უკვე მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

გიორგი ჯაფარიძე ამბობს, რომ პრობლემა მონდომებასა და ხარისხიანი სამუშაოების ჩატარებაშია. მისი თქმით, თუ ახალი ხიდის აშენებაა საჭირო, ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და მოსახლეობისთვის რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტის შექმნის ხარჯზე უნდა მოხდეს.

„რეალურად მერამდენეჯერ ხდება უკვე ხიდის რეაბილიტაცია, ვეღარ დავთვლით. ამ გზის მონაკვეთზე ხშირად გვიწევს გადაადგილება, რადგან დასავლეთში ჰაერის საზომი აპარატები გვაქვს დამონტაჟებული და მერამდენე წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, აღარც კი გვახსოვს. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ ამდენი ხანი ერთი კონკრეტული პრობლემა არ მოგვარებულა და ისევ დღის წესრიგში დგას. ამას სჭირდება უფრო აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა. ვნახეთ გუშინდელი შედეგი, რაც დადგა, ვინც დასავლეთში იყო და თბილისში მოდიოდა, რამდენიმე საათი იდგა საცობში. რეალურად ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, რომელსაც რამდენიმე წელია ვერ დაადგა საშველი და ვერ გაკეთდა. ერთ ხიდზე 3-კილომეტრიანი გზა ვერ დაიგო ისე, რომ არ გაფუჭდეს.

თუ ეს ხიდი დასანგრევია და ახლიდან არის ასაშენებელი, მაშინ ეს ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რომ გაკეთდეს მეორე გზა, რითაც მოსახლეობა გადაადგილდება. და, რაც მთავარია, ეს მაქსიმალურად დროულად უნდა მოხდეს.

ადამიანები გადაადგილდებიან დასავლეთს მიმართულებით და უკან ვეღარ ბრუნდებიან, გუშინდელი მაგალითით ფაქტი სახეზეა. ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოვიდა ჩვენთან, რომ ხალხს საწვავი გაუთავდა, ბავშვები ჰყავდათ და ცუდად გაუხდნენ, 3-4 საათი ნახევარკილომტრიან მონაკვეთზე, დაქოქილ მანქანაში, არც მაღაზია, წარმოუდგენელია. ბევრი ფეხით წავიდა საწვავის მოსატანად. მერე ხდებოდა საპირისპირო ზოლიდან მანქანების გადასწრება, ესეც დამატებით საცობს ქმნიდა. აქ საზოგადოების ცნობიერების პრობლემაცაა, მაგრამ მთავრობის ვალია, რომ დროულად მოახდინოს რეაბილიტაცია და რაც მთავარია, საზოგადოებას მიწოდოს სწორი ინფორმაცია, რა ხდება.

მთავარი პრობლემა ალბათ, ნების არქონაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მიზეზი. თუ გარკვეულია, მაშინ გასაჯაროვდეს, საზოგადოებამდეც მოვიდეს. ცხადდება ტენდერები, კეთდება, მერე ისევ ფუჭდება. ამიტომ პირველ რიგში, ნება და მერე ხარისხიანი სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტიდან ხდება ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ იცის არ ვიცით, რა დაჯდა ამდენი რეაბილიტაცია.

იაპონელები და ჩინელები ასეთ ხიდებს 2 დღეში აშენებენ“,- ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

www.bpn.ge