მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 9 თვეში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2 013 განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ პერიოდში სააგენტოში 6 250 ზარიც დაფიქსირდა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 248 ფაქტი დადასტურდა 563 საქმეზე.
ამასთან, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 136 მოვაჭრეს 307 საქმეზე ჯამში 303 463 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებელთა უფლებების აღდგენის მიზნით, 168 საქმეზე 147 შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებების ფარგლებში მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობას, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენას ეხებოდა.
მომართვიანობის მიხედვით, განაცხადების 81% თბილისზე მოდიოდა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი განაცხადი აჭარაში — 6%, იმერეთში — 3%, ქვემო ქართლში — 2%, კახეთში — 2% და სამეგრელო-ზემო სვანეთში — 2% დაფიქსირდა.
მომხმარებელთა მოთხოვნებს შორის 834 განაცხადი თანხის დაბრუნებას, 436 — ნაკლიანი ნივთის შეკეთებას ან შეცვლას, 498 — ნაკლოვანი მომსახურების შემთხვევაში უფლების აღდგენას, ხოლო 245 — სხვა საკითხებს ეხებოდა.
სექტორების მიხედვით, განაცხადების ყველაზე დიდი წილი — 67% — საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდიოდა. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი 11% იყო, ხელოვნების, გართობისა და დასვენების — 3%, სხვა სახის საქმიანობების კი — 19%.