სავაჭრო ცენტრი East Point გაფართოების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა და ამ ეტაპზე ახალი სივრცის დატვირთულობა 84%-ს აღწევს. როგორც "კვადრუმ ჯორჯიას" მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მიუხედავად ტურისტული ნაკადის სიმცირისა, მომხმარებლების აქტივობის და ობიექტების გაყიდვების ბრუნვის მიმართულებით ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

მანვე აღნიშნა, რომ მომხმარებლის ქცევის ცვლილების ფონზე სავაჭრო ცენტრი დღეს მხოლოდ "შოპინგის" ფუნქციით აღარ შემოიფარგლება და დამატებითი სერვისების განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს.

"ახალი სივრცის ფარგლებში East Point-ს დაახლოებით, 13 000 კვ.მ გასაქირავებელი ფართი, რითაც East Point-ი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გახდა. ახალი სივრცის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, 84%-ის ფარგლებში გვაქვს დატვირთულობა და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ეს დატვირთულობა თავის მაქსიმუმს მიაღწევს. რაც შეეხება East Point-ის ძველ სივრცეს -  აქ ამ ეტაპზე 99.9%-იანი დატვირთულობა გვაქვს. 

რაც შეეხება მომხმარებლების აქტივობას - ქვეყანაში ტურისტების შემცირებულმა ნაკადმა ჩვენს სექტორზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. როგორც წესი, გაზაფხულის პერიოდში მომხმარებლების დაახლოებით 25-30% ტურისტებზე მოდიოდა, თუმცა მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში უკვე შეინიშნება ზრდის ტენდენცია. ზოგადად, სავაჭრო ცენტრში აქტივობის ტენდენცია დადებითია და თუ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ზრდა როგორც აქტივობის, ისე ობიექტების გაყიდვების ბრუნვის მიმართულებით ნამდვილად ფიქსირდება.

მომხმარებლის ქცევა წლებთან ერთად იცვლება. ვხედავთ ტენდენციებს, რომ მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში მხოლოდ შოპინგისთვის არ დადიან და სხვა კომპონენტებსაც ანიჭებენ ყურადღებას, მათ შორის, კვების, გართობისა და პარკინგის არსებობას. შესაბამისად, ჩვენც შესაბამის, მათ ინტერესზე მორგებულ ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ მომხმარებლებს", - აცხადებს "კვადრუმ ჯორჯიას" მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორთან".

მანვე აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრი ახალ ბრენდებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, თუმცა ბრენდები მხოლოდ ერთი სავაჭრო ცენტრის ჭრილში არ იღებენ გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, "კვადრუმ ჯორჯია" (Quadrum Georgia) არის მსხვილი დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც, სხვადასხვა აქტივთან ერთად, ფლობს და მართავს ისეთ ცნობილ სავაჭრო ცენტრი, როგორიცაა "ისთ ფოინთი" (East Point)  და "დომინო" .

წყარო: ბიზნესპარტნიორი