შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ შეფუთვა დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა. ის ფუნქციურია, რეგულაციებით არის შეზღუდული და თუ სპეციალურად ამ სფეროში არ მუშაობ, ბრენდზე საუბრისას ხშირად მეორეხარისხოვან დეტალადაც კი აღიქმება.
თუმცა, თუ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსში დაჯილდოებულ შეფუთვებს დააკვირდებით, სრულიად განსხვავებული სურათი იკვეთება. შეფუთვა, ფაქტობრივად, იქცა დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად დატვირთულ, კულტურულად საინტერესო ნაწილად.
არიან ბრენდები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ამ ფაქტს. წელს შეფუთვის დიზაინის საერთაშორისო პლატფორმა Pentawards 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მან ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რაც დღეს შეფუთვას აქვს დიზაინის სფეროში. იგი განსაზღვრავს ტენდენციებს ინოვაციის, კრეატიულობისა და პასუხისმგებლობიანი დიზაინის მიმართულებით.
ამ და სხვა გამოცდილებით, ის, რაც ადრე მხოლოდ მარკეტინგულ ზედაპირად ითვლებოდა, დღეს უკვე სრულფასოვან ბრენდულ გამოცდილებად აღიქმება და წარმოადგენს ერთ-ერთ უკანასკნელ ფიზიკურ შეხების წერტილს, სადაც ღირებულებები, ბრენდის განზრახვა და ხედვა შეიძლება რეალურად გამოიხატოს.
რაც უფრო გადავდივართ ციფრულ სამყაროში, ფიზიკურობას მეტად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეფუთვა აღარ არის მხოლოდ პროდუქტის ჩასადები გარეკანი, ის დეტალია, რომლითაც ბრენდები აჩვენებენ, ვინ არიან ისინი მაშინ, როცა მათ გვერდს არ სქროლავთ.
სიჭარბიდან გააზრებულ არჩევანამდე
თუ ოცი წლით უკან გავიხედავთ, განსაკუთრებით ლუქსსეგმენტში, პრემიუმშეფუთვა ღირებულებას ხშირად სიჭარბესთან აიგივებდა. კრეატორებიც და ბიზნესებიც ამჯობინებდნენ მძიმე მასალებს, პრიალა ზედაპირებსა და რთულ კონსტრუქციებს. დღეს დიზაინის ეს ენა ხშირად მოძველებულად მიიჩნევა. პრემიუმის გაგებაც ხელახლა განისაზღვრა – არა იმით, რამდენ და რა მასალას იყენებ, არამედ იმით, რამდენად გააზრებულად ირჩევ.
დიზაინერები ახლა უფრო რთულ ამოცანას წყვეტენ: როგორ გამოხატონ ღირებულება თავშეკავებით, ეთიკითა და სიცხადით და არა – ზედმეტობით. ტექნიკური სირთულე კვლავ არსებობს, მაგრამ კულტურული მნიშვნელობა ახლა ბევრად უფრო მაღალია.
ეს ევოლუცია შეიძლება ასე დავალაგოთ: მაქსიმალიზმი მინიმალიზმმა ჩაანაცვლა, თუმცა შემოვიდა თამამი, გამომსახველობითი დიზაინი, სადაც ფერი, თამაშის ელემენტები და ვიზუალური სიხარულის შეგრძნება დაბრუნდა.
დიზაინი თაროებისთვის და ეკრანებისთვის
შეფუთვა აღარ არის მხოლოდ მაღაზიაში დასადები პროდუქტის ნაწილი. სოციალურმა მედიამ კი არ შეცვალა, არამედ უფრო გააფართოვა დიზაინის გააზრება. დღეს ის მეტად მოძრავი და თანმიმდევრული გახდა, რადგან მონაწილეობს გახსნის პროცესში, ე.წ. „ანბოქსინგში“ და სხვა ბევრ მომენტში, სადაც ის მკაფიოდ ჩანს სხვადასხვა რაკურსით. შესაბამისად, დიზაინერები, ფაქტობრივად, ქორეოგრაფიული პრინციპით მუშაობენ. ყუთის გახსნა ერთგვარი ნარატივია, რომელიც მომხმარებელს შეფუთვის დიზაინით უნდა გადასცე.
ამ ახალი მნიშვნელობის პარალელურად, საფუძვლები კვლავ ძალაში რჩება. თაროზე ადვილად შესამჩნევი, მყისიერად ამოსაცნობი ბრენდდეტალები არსად გამქრალა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ შეფუთვა ახლა დროშიც არსებობს და არა მხოლოდ სივრცეში, ის თანაბრად ორგანულია როგორც ხელში დაჭერისას, ისე თაროზე და ექვსწამიან ვიდეოშიც.
შემდეგი ეპოქა: ადამიანური, ხელმისაწვდომი, გამოცდილებაზე ორიენტირებული
დიზაინერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ათწლეულს ტექნოლოგიური ზეწოლისა და ადამიანური ემოციების ნაზავი ჩამოაყალიბებს. ხელოვნური ინტელექტი შეცვლის დიზაინერების მუშაობას, თუმცა ავტომატიზაციის დაჩქარებასთან ერთად აუდიტორიაში უკვე იგრძნობა მისგან გადაღლა.
ამის ფონზე, შეფუთვა – ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კრეატიული ფორმატი, სადაც მასალის არჩევანი, ოსტატობა და ბრენდის განზრახვა კვლავ ხელშესახებია. სწორედ ეს ფიზიკურობა მიანიჭებს მას განსაკუთრებულ როლს მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიზაინერები სტატიკური დიზაინიდან გადადიან მომენტების, გამოცდილებებისა და ემოციური კავშირების შექმნაზე. ახალი მასალები, ახალი წარმოების მეთოდები და აზროვნების ახალი გზები შეფუთვის კრეატიულ არეალს აფართოებს და არ ზღუდავს.
ასე რომ, როცა ბრენდები საკუთარ ღირებულებებზე საუბრობენ, შესაძლოა სწორედ შეფუთვა იყოს ის ნაწილი, სადაც ეს ღირებულებები საბოლოოდ დასტურდება.