საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლების გახსნას ითვალისწინებს, ბიზნესის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს.
სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ საძაგლიშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ეს ცვლილება „შარმ ტრეიდინგისთვის“ დიდ შეღავათს არ წარმოადგენს, რადგან კომპანია ღამის საათებში მხოლოდ ერთ ქსელს („სუფთა სახლი“) ამარაგებს.
„სხვა ქსელებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ღამით მუშაობა მაღაზიებისთვის დამატებით ხარჯებთან და კადრების მობილიზებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი ავტოპარკის მხოლოდ მცირე ნაწილი (4-5 მანქანა) მუშაობს ღამით, დანარჩენი კი, გაჩერებულია.
თანაც, ღამის საათებში ისედაც არ აჯარიმებდნენ „ბასლეინთან“ გაჩერებულ მანქანებს - ღამით ხომ ავტობუსები არ დადიან და მიდგომაც უფრო ლოიალური იყო. რასაკვირველია, თუ კანონით გამყარებულიც იქნება ეს, უკეთესია, მაგრამ დიდი შეღავათის მომცემი არ არის ჩვენთვის“, - განმარტავს საძაგლიშვილი BMG-სთან.
მისი თქმით, დისტრიბუციისთვის მთავარ პრობლემად კვლავ მაღალი ჯარიმები და მაღაზიებთან საპარკინგე ადგილების სიმცირე რჩება, რადგან მერიის მიერ გამოყოფილი ადგილები არასაკმარისია. შედეგად, კომპანიას ყოველთვიურად 100-დან 130-მდე ჯარიმის გადახდა უწევს, რადგან ტვირთის დაცლა ხშირად წესების დარღვევით უწევთ.
„მაღაზიასთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი არასდროს არის და გვიწევს კანონდარღვევით მანქანის გაჩერება, რომ ელემენტარულად, დისტრიბუტორმა პროდუქცია შეიტანოს მაღაზიაში.
მერიის მიერ, 2-3 კილომეტრში, ერთი ადგილია გამოყოფილი, დისტრიბუციისთვის კი, 1000-1500 მანქანა დადის დღის განმავლობაში“ - ამბობს ვახტანგ საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, პრობლემას ნაგვის ურნების საპარკინგე სივრცეებიდან გადატანა შეამსუბუქებდა:
"ზოგადად, ქალაქში ისეთი სიტუაციაა პარკინგებთან დაკავშირებით, რომ დიდი მანქანისთვის თუ გააკეთებ პარკინგს, პატარა მანქანებს მოაკლდებათ. ამიტომ, ჩემი ინიციატივაა - სანაგვე ურნები რომ არის განთავსებული, როგორც წესი, საპარკინგე ადგილებზე, ეს ურნები სადმე სხვაგან დაალაგონ და იქ მანქანების დაუთმონ ადგილი. ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა“.
ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, რეგულაციებმა, რომლებიც პიკის საათებში (დილით და საღამოს 4-4 საათი) გადაადგილებას ზღუდავს, კომპანიას დამატებითი რესურსების მობილიზება აიძულა. ლოგისტიკური ჯაჭვის შესანარჩუნებლად „შარმ ტრეიდინგს“ 6 ავტომობილისა და 12 თანამშრომლის დამატება დასჭირდა, რაც პირდაპირ აისახება საოპერაციო ხარჯებზე.
კომპანიის დირექტორის თქმით, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და პირადი ჰიგიენის პროდუქტების ფასში, ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ, გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯები და დაკისრებული ჯარიმებია.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ახალი კანონმდებლობით სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში ავტობუსის ზოლებით სარგებლობის უფლება ეძლევათ.
ცვლილებებით, ღამის საათებში იცვლება ავტობუსის ზოლებით (BUS LANE) სარგებლობის წესი: კერძოდ, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე სადისტრიბუციო ავტომანქანებს ბასლაინში დგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში (08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე) გადაადგილება უკვე შეეზღუდათ.