McKinsey-ის უფროსი პარტნიორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული სანქციები ნეგატიური გზავნილია ინვესტორებისთვის.

მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“, საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას გრძელვადიან განვითარებაში დემოკრატიის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დაზიანება უცხოელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესს დაუკარგავს.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება არის ძალიან ცუდი სიგნალი საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის და ქართველი ბიზნესმენებისთვის. ადამიანების ფინანსური დასანქცირება არის სიგნალი, რომ აშშ, როგორც დასავლური დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კანონი არ კანონობს, სადაც ძალოვანი სტრუქტურები თვითნებობენ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც დემოკრატია არ მუშაობს. ისედაც ძალიან გვიჭირს უცხოური ინვესტორის შემოყვანა და ამას რომ უყურებს, არანაირი სურვილი აღარ აქვს ასეთ ქვეყანაში შემოსვლის. არც ჩინეთი ვართ უზარმაზარი ბაზრით და არც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გვაქვს, რომ მივიპყროთ ინვესტორის ყურადღება. რითაც ვაინტერესებთ და ვიზიდავთ ინვესტორებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოვიდნენ, მათ შორის ვინც რუსეთს გამოექცა, ისაა, რომ დემოკრატიის რაღაც დონე გვქონდა. თუ ამ დემოკრატიას წინ არ წავწევთ და დავანგრევთ, ეს უარყოფთ რეაქციას გამოიწვევს ინვესტორებში და ექნება გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე“,- თქვა გიორგი ქობულიამ.

ვრცლად: bm.ge