ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „იზიჯეტის“ (easyJet) წარმომადგენელმა, გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „იზიჯეტი“ საქართველოში ოპერირებას დაიწყებს იმ ძალისხმევის ნიადაგზე, რომელიც არაერთმა უწყებამ გასწია.

„როგორც აღინიშნა, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ერთ დღეში იქნა მიღებული. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით წლების განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ მომეცემა საშუალება, რამდენიმე საათით ტურისტად ვიგრძნო თავი თქვენს ქალაქში და განვიცადო ის სტუმართმოყვარეობა, რომელზეც ამდენი მსმენია. ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არა მხოლოდ ჟენევას, ლონდონსა და მილანს შევთავაზებთ საქართველოსა და თბილისს, როგორც ახალ ტურისტულ ლოკაციას, არამედ თქვენს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ხელმისაწვდომ ფასად ესტუმრონ ჟენევას, ლონდონსა და მილანს“, – განაცხადა გარი ბატლერმა.

მისი თქმით, საქართველოს არის 37-ე ქვეყანა, რომელსაც კომპანია ამატებს თავის ბაზაში და რომლითაც ფართოვდება მათი ევროპული ქსელი.

ცნობისთვის, თბილისი-ჟენევას მიმართულებით პირველი ფრენა 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. თბილისიდან ბილეთის ღირებულება პირველ დღეს 37 ევრო იქნება, თუმცა აპრილში ფასები 165 ევრომდე აღწევს.

თბილისიდან ლონდონის მიმართულებით პირველი ფრენა 1-ელ აპრილს შესრულდება, სადაც ბილეთის ფასი 45.99 ევრო იქნება. აპრილში მაქსიმალური ღირებულება 141.99 ევროს იქნება.

თბილისი-მილანის მიმართულებით პირველი რეისი 1-ელ აპრილს შესრულდება, ბილეთის ფასი კი 49.49 ევრო იქნება.