ფრანგულმა TotalEnergies-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებაზე 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

ინფორმაციას Reuters ფრანგული კომპანიის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, 2027 წლიდან TotalEnergies-ი თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ს წელიწადში 1.1 მლნ ტონა LNG-ს მიაწვდის. შეთანხმება ტვირთის ევროპაში გადამისამართების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

Reuters-ის ცნობით, სექტემბრის დასაწყისში თურქეთმა LNG-ის 2027 წლიდან მიწოდებაზე Shell-თან 10-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მანამდე კი კონტრაქტები ExxonMobil-თან და ომანთან გააფორმა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარის განაცხადებით, მილსადენებით იმპორტისა და ამ შეთანხმებების გათვალისწინებით, თურქეთს 25 მლრდ კუბური მეტრ გაზის ჭარბი მარაგი ექნება.

„ჩვენ შეგვიძლია გაზი ევროპულ, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს მივაწოდოთ, რომლებსაც ის მეტად სჭირდებათ,“ - ამბობს ბაირაქტარი.

Reuters-ის შეფასებით, ჭარბი მარაგი თურქეთს, ასევე, საშუალებას აძლევს, უკეთეს პირობებზე გამართოს მოლაპარაკებები ან რუსულ და ირანულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ასპირანტურის სკოლის ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ბრენდა შაფერი ამბობს, რომ “თურქეთი გაზის მიწოდების ჰაბად პოზიციონირებას ცდილობს, რადგან ევროპელ მყიდველებს საკმარისი გრძელვადიანი გაზის კონტრაქტები გაფორმებული არ აქვთ.”

Bloomberg-ის ცნობით, BOTAŞ ტვირთის ნაწილს პირდაპირ აშშ-ის პორტებში, ნაწილს კი თურქეთისა და ევროპის ტერმინალებზე მიიღებს. ამასთან, სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაზის ნაწილი შესაძლოა, ეგვიპტეშიც გადამისამართდეს. ანკარა და კაირო, მათი დაახლოების შემდეგ, სწორედ LNG-ის სფეროში თანამშრომლობის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

“თურქეთს სურს, გამოიყენოს თავისი მდებარეობა, რომ ევროკავშირის ზღურბლზე გაზის ჰაბად იქცეს. მან თხევადი ბუნებრივი აირის ახალ საცავებსა და ობიექტებში, ასევე, შავ ზღვაში მის მოძიებასა და წარმოებაში დიდი ინვესტიცია უკვე ჩადო,” - წერს Reuters.

ცნობისთვის: 2023 წლის აპრილში ბულგარულმა Bulgargaz-მა აშშ-დან თურქეთის გავლით LNG-ის პირველი ტვირთი მიიღო, რასაც თურქეთის ტერმინალებსა და გაზის გადამცემ ქსელზე წვდომის შესახებ BOTAŞ-თან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებდა.

შავი ზღვის საბადოს შედეგად თურქეთმა გაზის წლიური წარმოება 112%-ით გაზარდა.

ბიზნესპრესნიუსი