„საყოველთაო ჰქვია, მაგრამ არ არის - კლინიკებს უნდა ჰქონდეს ინტერესი, მიიღოს პაციენტი, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევა აქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის დარგის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფასების ზრდის პარალელურად, აუცილებელია, სახელმწიფო დაზღვევის პირობები და მათ შორის, ზღვარი გადაიხედოს.
ცნობისთვის, არსებული მდგომარეობით, საყოველთაო დაზღვევით სრულად ვერ სარგებლობს პირი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს.
„საყოველთაო ჰქვია, მაგრამ არ არის. ეს არის ტყუილი, რომელსაც 13 წელია მთავრობა გვაჭმევს. საყოველთაო არის, როდესაც შენც გეხება, მეც, მასაც და ზოგადად ყველას. ეს დაზღვევა ეხება მოსახლეობის რაღაც ნაწილს და რატომღაც საყოველთაოს ეძახიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა კერძო სადაზღვევო მომსახურების ფასებიც, რაც ნორმალურია. პირადად მე, თუ რამდენიმე წლით ადრე ვიხდიდი რაღაც კონკრეტულ თანხას, ახლა ვიხდი დაახლოებით, 80-90 ლარით მეტს. წარმოიდგინეთ სხვაობა. ამ დროს ხელფასი არ გამზრდია... პარალელურად კი ყველაფრის ფასი იზრდება, ელემენტარულად სარეცხი საშუალებების და სამრეცხაოების ფასი გაიზარდა, ყველა სადეზინფექციო საშუალების ფასი გაიზარდა. საიდან უნდა გადაიხადონ, თუ არ ექნებათ შემოსავალი მომსახურების ფასიდან. პრობლემა ის კი არ არის, რომ ფასი იზრდება, არამედ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დაბალი შემოსავალი. თორემ, ფასები იზრდება ყველგან.
ამ პირობებში, ცხადია, უნდა გაიზარდოს ის ლიმიტი, რომელიც ამ ე.წ. საყოველთაო დაზღვევაზეა დაწესებული. ინდექსაცია უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად. კლინიკებს უნდა ჰქონდეს ინტერესი, მიიღოს პაციენტი, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევა აქვს (ეს დაზღვევაც არ არის, ამას ჰქვია საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა). თუ კატასტროფული ინფლაცია მოხდა, შეიძლება წელიწადში ორჯერაც მოხდეს ფასების გადახედვა“, - ამბობს ვატო სურგულაძე.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, გაძვირებულ მომსახურებებს შორის, ჯანდაცვის სექტორი ლიდერია. სამედიცინო სერვისების ღირებულება იზრდება როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოს მომსახურება გაძვირებულია 27%-ით, თერაპევტის კონსულტაცია - 13%-ით, ჯანმრთელობის დაზღვევა - 8.7%-ით, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%-ით, ხოლო სისხლის ანალიზი - 5%-ით.