Silk ბანკის გენერალური დირექტორის, ლექსო ხოროშვილის შეფასებით, "თბილისის ფინანსური სამიტი" 2025 წლის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები შუა დერეფნის განვითარების საწინდარია.
"ჩვენი აზრით, მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ინფორმაციის გაცვლა გლობალურად მოხდეს, რაც შუა დერეფნის განვითარების საწინდარია. პირველი პანელის მთავარი გზავნილი შეეხებოდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართული Fintech-ის (ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს) განვითარებას უნდა მოხმარდეს. ესაა რეალურად EGZID-ის (ქართული Fintech-ი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ფინანსურ ტექნოლოგიებში) დანახვა ბაზარზე, რაც შემდგომში ჩვენი ქვეყნის მიმართ მიზიდულობას წარმოქმნის. აღსანიშნავია ამ პროექტში, ეროვნული ბანკის ჩართულობა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერა", - აცხადებს ლექსო ხოროშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.