სამასპინძლო სექტორში დასაქმების მაძიებელი უფრო მეტია, ვიდრე მიმწოდებელი, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ის არეულობა და არასტაბილურობის განცდა, რომელიც დღეს ქვეყანაშია დამსაქმებელს კადრების დამატების, განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობას უზღუდავს.

"სამასპინძლო სექტორში არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების მოძიების კუთხით, არამედ დასაქმების მსურველების კუთხითაც დეფიციტი იყო. დღეს კი, ეს ტენდენცია შეიცვალა. კადრების დეფიციტი მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. უფრო მეტად მაძიებელია, ვიდრე დასაქმების მიმწოდებელი, თუმცა პროფესიონალი კადრი ყველა სფეროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. სამწუხაროდ, იმ ევროკავშირის სტანდარტებისგან, რომელიც ჩვენს სფეროში უნდა არსებობდეს, ჯერ კიდევ შორს ვართ. გარდატეხის პერიოდში ვართ და ბევრი რამ ჩამოსაყალიბებელია.

ჩვენს სფეროში გაზაფხულის დასაწყისში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ობიექტი დაიკეტა და შესაბამისად, ამან შესაძლებლობა მისცა კადრების სხვადასხვა მიმართულებებით გადანაწილებას. ფაქტია, რომ ხელფასები გაიზარდა, რამაც შემჭიდროება გამოიწვია და რესტორნები ახალ კადრებს აღარ იღებენ და სამუშაოს არსებული კადრებით უმკლავდებიან", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მანვე აღნიშნა, რომ ზაფხული ტურისტული კუთხით ყველაზე კარგი პერიოდია, თუმცა დამსაქმებელს ამ კუთხით სწორი გათვლის შესაძლებლობა დღესდღეობით არ აქვს. შესაბამისად, ეს პრობლემა არსებობს, რომელსაც გადაწყვეტა სჭირდება.

"დღეს ტურისტული ნაკადების რაოდენობა და კატეგორია სრულიად იცვლება და შესაძლებლობების მოლოდინებთან შესაბამისობაში მოყვანა რთულია. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ძალიან რთულ რეჟიმში ვართ. ჩვენ მთელი აქცენტი გვქონდა იმ ნაკადებზე, რომლებიც იზრდებოდა და მათ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს ვეძახდით. ისინი ევროპის, თუ სხვა მდიდარი ქვეყნებიდან იყვნენ. დღეს კი ეს ტენდენცია ინდოეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებით იცვლება. აქ არა მხოლოდ დაბალმხარჯველუნარიან ტურიზმზეა საუბარია, არამედ საუბარია კულტურაზეც. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოდიან ჩვენი კულინარიული მიდგომები შეუსაბამოა და მათი მოთხოვნები ჩვენთვის რთული გადასაჭრელია", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

bp.ge