ლუდის სექტორი 2024 წელს აჯამებს. როგორც „ეფ-ეს საქართველოს“  კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაზრის ზრდის დინამიკა პოზიტიურია. 

"მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენი შეფასებით, ბაზარი დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი, რაც აბსოლუტურ ციფრებში ნიშნავს დაახლოებით 136 მილიონ ლიტრს.  2021 წელს ბაზარი იყო 119 მილიონი ლიტრი, ხოლო 2024 წლის ბოლოს მისი მოცულობა მოიმატებს 136 მილიონ ლიტრამდე, რაც დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს,"-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ასევე, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა 2022 წელს, როდესაც 11%-იანი ზრდა მოხდა და ბაზარი  131 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა.

"ეფე-ეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი 2025 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით  ბაზარი 140 მილიონ ლიტრამდე გაიზრდება. 

"ლუდის ინდუსტრიაში დაახლოებით 60-მდე კომპანია ოპერირებს, თუმცა მათგან 4 კომპანია ქმნის ბაზრის მოცულობის 85%-ზე მეტს. იმპორტირებული ლუდის წილი ქართულ ბაზარზე 10%-ზე ნაკლებია, რაც მიუთითებს საქართველოს ლუდსახარშების მაღალ სტანდარტებზე და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, მათ შორის ლიცენზირებული ბრენდების, როგორებიცაა Lowenbrau, Staropramen-ი და სხვა, მაღალი ხარისხზე,"-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

საქსტატის მონაცემებით,  2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 16.07 მლნ  დოლარის ღირებულების 14.4 მლნ  ლიტრი ლუდის იმპორტი განხორციელდა.

2024 წლის 11 თვეში,ინდუსტრიის მიერ, ლუდის ექსპორტი ჯამში  დაახლოებით 32  ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის, აზერბაიჯანში, ირანში, აშშ-ში, იაპონიაში, პოლონეთში და ა.შ.

რაც შეეხება კომპანიას „ეფეს საქართველო“, ის  ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა. „ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე, არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.

bp.ge