გერმანულმა ავტომობილების მწარმოებელმა და ტიუნინგ კომპანიამ Brabus-მა ახალი ექსკლუზიური მოდელი, BRABUS BODO, წარადგინა. ავტომობილი Aston Martin Vanquish-ის პლატფორმაზეა შექმნილი და კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად ითვლება.
BRABUS BODO 5.2-ლიტრიანი, ორმაგი ტურბოდაბერვის მქონე V12 ძრავით არის აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალას, მაქსიმალური ბრუნვის მომენტი კი 1 200 ნიუტონ-მეტრს აღწევს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად 360 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.
მოდელის ძარა თითქმის მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული. Brabus-ის ინფორმაციით, BODO-ს წარმოება მხოლოდ 77 ერთეულით შემოიფარგლება, ხოლო წლიურად 10-დან 15 ავტომობილამდე დამზადდება. მოდელი კომპანიის დამფუძნებლის, ბოდო ბუშმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტია.
BRABUS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტომობილის მთლიანი ფასი გადასახადების ჩათვლით 1 371 832 ევროა, ხოლო გადასახადების გარეშე ფასი 1 152 800 ევროს შეადგენს. მითითებული ღირებულება მოქმედებს Brabus-ის ბოტროპის ქარხნიდან გატანის პირობებით.
კომპანიამ BODO-ს ღია ვერსიაც, BODO Cabriolet, წარადგინა. ისიც 1 000 ცხენის ძალის V12 ძრავით არის აღჭურვილი და ასევე მხოლოდ 77 ეგზემპლარად გამოვა.
წყაროები:
https://www.brabus.com/en-lv/cars/supercars/brabus-bodo.html
https://www.brabus.com/en-es/cars/cars-for-sale/C4S388.html
https://www.caranddriver.com/news/a73446472/brabus-bodo-coupe-drive-ceo-interview/
https://www.brabus.com/en-int/brand/news/brabus-bodo-cabriolet.html