„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი “საქმის კურსთან” 2025 წელს აჯამებს და ქვეყანაში
ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, საქართველომ პრაგმატული და დასავლურად მოაზროვნე ინვესტორებისთვის მიმზიდველობა დაკარგა.
კომპანიის ხელმძღვანელი ასევე ეხმაურება Eagle Hills-ის მიერ დაანონსებულ 6-მილიარდიან პროექტს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაპირებები საკმარისი არ არის. მისი თქმით, თუ მსგავსი მასშტაბური გეგმები კონკრეტულ ქმედებებში არ გადაიზარდა, საუბარი მხოლოდ საუბრად დარჩება.
ლევან ყარალაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ ესმის, რომ საქართველო რეგიონულ კონკურენციაში იმყოფება, სადაც მეზობელი ქვეყნები ბევრად უფრო აქტიურები არიან მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტების მოსაზიდად.
ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მიერ ცალკეული პრაგმატული პროექტების წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა სისტემური ცვლილებების გარეშე ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა გარანტირებული ვერ იქნება.
“ბოლო სამი კვარტალის მონაცემები რაც გასაჯაროებულია, ვხედავთ რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალური და საკმაოდ სამწუხარო კლება გვაქვს. ნუ რეინვესტიციების ნაწილი შეიძლება მეტ-ნაკლებად ამას აკომპენსირებს ისეთ კონკრეტულ, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ჭრილში, საქართველო, სამწუხაროდ, აღარ არის იმ დონეზე მიმზიდველი, ყოველ შემთხვევაში პრაგმატული და დასავლურად მოაზროვნე ინვესტორებისთვის.
დიდი დისკუსიის საგანი გახდა Eagle Hills-ის პროექტი, 6 მილიარდი დოლარი. ნუ იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ 6 მილიარდი დაემატება და უფრო მეტ ინვესტიციაზე ვილაპარაკებთ ამ ჭრილში, თუმცა ეს ყველაფერი თუ არ გადაიზარდა კონკრეტულ ქმედებებში, საუბარი საუბრად დარჩება.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ნაკლებად ესმის, რომ ქვეყანა არის კონკურენციაში მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებთანაც, სადაც მაგალითად Nvidia 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის გაკეთებას აპირებს. იგივე რისკის ქვეშ დგება ჩვენი ისტორიული ფუნქციაც, როცა დერეფნის ფუნქციას ვასრულებდით და დღეს ზანგეზურზეა უკვე ლაპარაკი.
მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ თამაშგარე სიტუაციაში შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს და სამწუხაროდ, ამაზე აქცენტები არ კეთდება. ის რომ ბიზნესი რაღაც დონეზე მეტ-ნაკლებად წარმატებას აღწევს თავისი ქმედებებით, თავისი იმ პროექტებით რასაც პრაგმატულად უდგება, ეს რა თქმა უნდა კარგი მომენტია, მაგრამ გრძელვადიან ჭრილში ეს ვერ იქნება სტაბილური ზრდის გარანტი.”-ამბობს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის”, აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი.