საფოსტო და საკურიერო ბიზნესში ახალ გამოწვევაზე საუბრობენ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ FedEx საქართველოს დირექტორმა, ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში სასაწყობე ოპერატორების დეფიციტია.

„მთელ მსოფლიოში აპრობირებული და ძალიან წარმატებული ეკონომიკური მოდელია, როდესაც საწყობს მართავს აუთსორს კომპანია. დღეისათვის, საქართველოშიც არის რამდენიმე სასაწყობე ოპერატორი, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ამიტომ, თავად საფოსტო და საკურიერო კომპანიებს უწევთ დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსის მოძიება იმისთვის, რომ საწყობი მართონ“, - განმარტა ნინო მენთეშაშვილმა.

მისივე თქმით, სასაწყობე ოპერატორი მიწოდების ჯაჭვში ერთ-ერთი მთავარი რგოლია და მასზეა დამოკიდებული როგორც მარაგების მართვა, ისე მიწოდება და განაწილება.

„ბოლო წლებში, ქვეყანაში საწყობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად მომრავლდა, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ახლა გვჭირდება ბევრი კვალიფიციური სასაწყობე ოპერატორი, რომ მართოს ეს ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროფილის კომპანიები აუცილებელია იმისთვის, რომ ხარისხიანი მომსახურება მივიღოთ. ლოგისტიკის ნაწილი უნდა იყოს ცალკე გატანილი და თავად, საფოსტო და საკურიერო კომპანიები კი, საკუთარი სერვისების განვითარებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული“, - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

ცნობისთვის, სასაწყობე ოპერატორებზე მოთხოვნა საქართველოში განსაკუთრებით ბოლო წლებში გაჩნდა, რადგან ქვეყანაში საფოსტო ბიზნესი საკმაოდ მაღალი ტემპით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, თბილისში, თავად საწყობების მიწოდების ზრდის ტემპიც დაჩქარდა, თუმცა კომპანიების შეფასებით, ჯამური მიწოდება, ჯერჯერობით, მაინც დაბალია.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"