Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების აკრძალვა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ვერ გაზრდის. მისი შეფასებით, ვაშინგტონმა ყურადღება შიდა ბარიერების აღმოფხვრაზე უნდა გაამახვილოს, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს გლობალურ კონკურენციაში ხელს უშლის.

Financial Times-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჩინურ კომპანიებს ინტელექტუალური საკუთრების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით იკვლევს, ჩინური AI-მოდელების აკრძალვა „ეფექტიანი გამოსავალი“ არ იქნება.

ცუკერბერგმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხზეც. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ AI-ის განვითარება რამდენიმე მსხვილი კომპანიის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ამასთან, მისი შეფასებით, რეგულირების საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვა ინდუსტრიისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა პროცესზე წამყვანი AI-კომპანიების გავლენა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

Meta-ს ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ძლიერი AI-მოდელების შეზღუდვის იდეაც. მისი თქმით, ასეთი სისტემები არა მხოლოდ კიბერშეტევების პრევენციას უწყობს ხელს, არამედ კიბერუსაფრთხოების სისუსტეების გამოვლენასა და მათ აღმოფხვრაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თემა განსაკუთრებით აქტუალური პეკინში დაფუძნებული Moonshot AI-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელის — Kimi K3-ის წარდგენის შემდეგ გახდა. ინდუსტრიის შეფასებით, ახალი მოდელის შესაძლებლობები OpenAI-ისა და Anthropic-ის უახლეს სისტემებთან ძალიან ახლოსაა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ Moonshot AI-მ საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად ე.წ. „დისტილაციის“ ტექნიკა გამოიყენა, რაც, მათი შეფასებით, შესაძლოა ინტელექტუალური საკუთრების დარღვევად ჩაითვალოს. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი განიხილავს სანქციების დაწესებას იმ ჩინური AI-ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების დარღვევებთან არიან დაკავშირებული.

„დისტილაცია“ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მეთოდია, რომლის დროსაც ახალი მოდელების გასაუმჯობესებლად უკვე არსებული, გამოცდილი მოდელები გამოიყენება. ეს ტექნიკა კომპანიებს განვითარების ხარჯების შემცირებაში ეხმარება, თუმცა მესამე მხარის მიერ მისი გამოყენება, განსაკუთრებით ჩინეთისა და რუსეთის შემთხვევაში, დასავლეთში სადავო პრაქტიკად მიიჩნევა.