ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნები ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის კატარელი სპორტული მენეჯერის, ნასერ ალ-ხელაიფის კანდიდატურას განიხილავენ, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წილების გარე ინვესტორებზე გაყიდვას გულისხმობს, გეგმის კრიტიკოსებს ალტერნატიული კანდიდატის სასწრაფოდ მოძებნისკენ უბიძგა.
წყაროს ცნობით, საინვესტიციო კომპანია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახთან არის დაკავშირებული, ამ გეგმით სარგებლის მიღების კუთხით საუკეთესო პოზიციაში იმყოფება. აღნიშნულმა ინიციატივამ ამ კვირაში ევროპელი პოლიტიკოსებისა და სპორტული ლიდერების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. უეფა ხუთშაბათს 55 ეროვნულ ფედერაციასთან საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს, რაც, შესაძლოა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტსაც მოიცავდეს.
ევროპული ფეხბურთის ლიდერებს ასევე მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ინფანტინოს, რომელიც მარტში ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევას გეგმავს. იმ მოლაპარაკებებისას, რომლებიც გასულ თვეში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაიწყო, მათ ყურადღება ალ-ხელაიფიზე, როგორც სერიოზულ კანდიდატზე, შეაჩერეს. ამის შესახებ საფეხბურთო სფეროს სამმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა. ალ-ხელაიფი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტია, ის სათავეში უდგას ევროპული კლუბების ასოციაციას და უზარმაზარ მედიაპლატფორმა beIN Media-ს ხელმძღვანელობს.
ფიფა-ს პრეზიდენტს 2027 წლის 18 მარტს ორგანიზაციის 77-ე კონგრესზე, მაროკოს ქალაქ რაბათში აირჩევენ.