თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან.

პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსაჯვრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა  მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ასევე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც, მძღოლს, რომლის მანქანითაც ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი დატოვა.

ცნობისთვის, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.