„საშუალო ფენიდან ადამიანი უფრო მარტივად ჩამოქვეითდება ღარიბ-ღატაკი ფენის რიგში, ვიდრე ღარიბიდან საშუალო ფენაში ადის, ან საშუალოდან მდიდრის ფენაში“,- ამის შესახებ ეკონომისტმა და სოციოლოგმა პაატა აროშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შეიძლება ხელფასები იზრდებოდეს, მაგრამ თუ ფასები არ დასტაბილურდა, ამას არანაირი აზრი არ ექნება.

„ფასები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს უდგას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, იზრდებოდეს ხელფასები ორგანიზაციებში, პენსიები, წლიდან წლამდე იზრდებოდეს ანაზღაურება საჯარო სამსახურში (10%-იანი ზრდა 2026 წლის 1-ლი იანვრიდანაც დაანონსდა) და ა.შ. მაგრამ თუ ფასების სტაბილიზაცია არ მოხდა, ამას არანაირი ეფექტი არ ექნება. იმიტომ, რომ თუ ფასები იზრდება ვთქვათ 10-20%-ით, შემოსავლების მაქსიმუმ 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული, ამიტომ, ვისაც ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, ის ისევ ქვედა ფენაში რჩება. ეს სამწუხარო რეალობაა.

მეორე ვარიანტია ის, რომ გარკვეული უთანაბრობაა ფასების კუთხით, საქართველოს რეგიონებს შორის. მაგალითად, ტურისტულ და არატურისტულ რეგიონებს შორის. თუნდაც თბილისი და ბათუმი (ან სხვა ნებისმიერი ტურისტული რეგიონი) რომ შევადაროთ, ტურისტულ რეგიონში პროდუქციაზე ფასი 10-15%-ით უფრო მაღალია. ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას მოჰყვა. ანუ გამოდის, რომ თუ პირი პირდაპირ ან ირიბად არ არის ჩართული ტურისტულ ბიზნესში, მისთვის ტურიზმის ზრდა არამომგებიანია. იმიტომ, რომ მას ხარჯები ეზრდება, ამ დროს მისი შემოსავლები ფიქსირებულია. რეალიზატორიც ორიენტაციას ტურისტზე აკეთებს.

რა თქმა უნდა, ფასების სტაბილური და შემოსავლების არასტაბილური ზრდა, იწვევს ქვედა დონეში მყოფ სოციალურად დაუცველ, საშუალო ფენისა და მაღალ ფენას შორის ძალიან დიდი განსხვავებას. მით უფრო, რომ საშუალო ფენიდან ადამიანი უფრო მარტივად ჩამოქვეითდება ღარიბ-ღატაკი ფენის რიგში, ვიდრე ღარიბიდან საშუალო ფენაში ადის, ან საშუალოდან მდიდრის ფენაში“,- ამბობს პაატა აროშიძე.

კითხვაზე, რა კრიტერიუმებით ხდება დღეს მოსახლეობის ღარიბი, საშუალო და მდიდარი ფენის შეფასება, სოციოლოგი ამბობს, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, თუმცა მიდგომა მაინც ინდივიდუალურია.

„შეიძლება ოჯახი იყოს ქონების გადასახადის გადამხდელი, რადგან წლიურად 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიხედვით არის ეს ვალდებულება, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის კრიტერიუმი, რომ ადამიანი მდიდარ ფენას მიეკუთვნება. ის საშუალო ფენის დაბალ ნაწილს მიეკუთვნება. ანუ, მთლად ღარიბ-ღატაკი არ არის, მაგრამ არც ისეთია, რომ უახლოს პერიოდში მდიდრების ფენაში გადავიდეს.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ღარიბ-ღატაკს მიეკუთვნება. აქ არსებობს საერთაშორისო დათვლის პრინციპი, თუ პირი დღეში 5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, ის არის ღარიბ-ღატაკი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, პენსიონერები ამას მიეკუთვნებიან, მაგრამ უხეში გაანგარიშებით 150 დოლარი 400 ლარის ოდენობის თანხაა, შესაბამისად, პენსიის მინიმალური ოდენობა ამას უთანასწორდება.

აქ მეორე ასპექტია, რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხები, რაც უკვე ადამიანის პირად არჩევანზეა.

შეიძლება ითქვას, რომ სადღაც შუალედში ვართ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება საშუალო ფენის, საშუალო და დაბალ ნაწილს, მაგრამ მათთვის უფრო რთულია მდიდრების ფენაში გადასვლა.

შეიძლება ხელფასები იზრდებოდეს, პენსიაც, მაგრამ თუ ფასები არ დასტაბილურდა, ამას აზრი არ ექნება“,- ამბობს პაატა აროშიძე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სადაც აგფლაცია (საკვები, კერძოდ, აგროპროდუქტების ფასების ზრდა) მაღალია, მედიანური ხელფასის ზრდა კი ბევრად ჩამორჩება ამ მაჩვენებელს სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო იზრდება.

„ერთია, რომ სოციალურ უთანასწორობას ზრდის და მეორე, როდესაც ეს უკვე ოჯახების და შინამეურნეობების სოციალურ მდგომარეობას აუარესებს. დღეს მოგების მთავარი მაგენერირებელი ფაქტორი გახდა კაპიტალი და შრომამ გადაინაცვლა უკან. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს კაპიტალი, მისი დივიდენდები, შემოსავლები და სიმდიდრე მით უფრო იზრდება, მაგრამ რადგან შრომა აღარ არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც აგენერირებს მოგებას, მშრომელების ხელფასები რჩება იგივე ან მცირდება და მათი სოციალური მდგომარეობა უარესდება. ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ საშუალო ფენა ქრება ყველგან. ეს კიდევ უფრო გაზრდის ნაპრალს კაპიტალის მფლობელებსა და მშრომელებს შორის“,- ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი