საქართველოში ელექტრონულ კომერციას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, - მიიჩნევს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან მოლაშვილი, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
ლევან მოლაშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც ინტერნეტიზაცია 95%-ზე მეტია, მკაფიო გზავნილია ორგანიზაციებისთვის, რომ ელექტრონულ კომერციას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, რომლის ნიშაც ჯერ კიდევ თავისუფალია და კიდევ ასათვისებელია როგორც ლოკალურ, ასევე, გლობალურ ბაზარზე ოპერირებისთვის.
„ტემპები საკმაოდ კარგია და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში გაორმაგებაც არის ნავარაუდები. ბიზნესის თანამედროვე ნაწილი და ახალგაზრდები აქტიურად არიან დაკავებულები ამ საქმიანობით, თუმცა მაინც მცირე წილია იმ დიდი ბაზრისა, რომელიც საქართველოში საერთო ბიზნეს ამინდს ქმნის.
ჩემი აზრით, ინფრასტრუქტურა სრულად გამართულია, რაც არ არის გამართული ეს არის ხედვა, ნდობა და სურვილი, პროცესში ჩაერთონ. გავიხსენოთ პანდემია - აფეთქდა ბაზარი, როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, თუმცა ვნახეთ, რომ მზად არ ვიყავით გარკვეულწილად ამისთვის, ასეთი დიდი მოთხოვნის წინაშე როცა აღმოვჩნდით, მიწოდება გაირკვა, მარაგები არ იყო, კომპანიებმა მართვა ვერ შეძლეს. თუმცა ეს იყო კარგი გაკვეთილი - თუ დავაკვირდებით დღევანდელ საიტებს, გაცილებით უფრო დახვეწილია“, - აცხადებს ლევან მოლაშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ელექტრონული ბაზრისთვის არის აპლიკაცია „ტემუ“, თუმცა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„გამოსავალი ერთადერთია - ადაპტაციაა. „ტემუ“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ქმნის ძალიან დიდ წინაღობებს. არც „ტემუ“ და არც სხვა გლობალური პლატფორმა არ არის მონსტრი, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვერ გავუმკლავდებით. განსაკუთრებით ხარისხთან დაკავშირებული მიმართულებები, ნიშები, საბავშვო ტრენდები, ხელნაკეთი პროდუქცია. ეს ის ნიშებია, სადაც „ტემუ“ ძალიან მოიკოჭლებს. არსებობს მოსაზრება, რომ შეიზღუდოს, დაუწესდეს გადასახადები რაც აბსურდი მგონია, რადგან გადასახადი ისევ მომხმარებლის კისერზე გადავა. ვნახოთ, რა აქვს „ტემუს“ ძლიერი, გადმოვიტანოთ, დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და გავუმკლავდებით“, - განაცხადა ლევან მოლაშვილმა.