MICE ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოზე მოკლევადიან პერიოდში დადებითი გავლენა აქვს, თუმცა შედარებით გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური მოლოდინებია.
როგორც BMG-ის “ბითიელ ჯორჯიას” ბიზნესის განვითარების დირექტორმა განუცხადა, ომის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაგეგმილი საქმიანი ღონისძიებების ნაწილმა რეგიონის მიმართულებით, მათ შორის საქართველოში გადმოინაცვლა.
თუმცა გურამ ავალიანის შეფასებით, შედარებით გრძელვადიან პერიოდში შექმნილ ვითარებას საქართველოზე როგორც ბიზნესტურიზმის მიმართულებაზე ნეგატიური გავლენა ექნება.
“ორი საკითხი არის ჩემი აზრით განსახილველი. ერთი – ინდივიდუალურად ჩვენს კომპანიაზე როგორ აისახება და მეორე – უშუალოდ ბაზარზე, საქართველოზე, როგორც მიმართულებაზე ასეთი სიტუაცია, მოკლე და გრძელვადიან შედეგებში.
პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს ის, რომ პირველ პერიოდში ფიქსირდება პოზიტიური ზრდა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამ პოზიტიურ ზრდაზე დიდად იმედები არ დავამყაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებული პროექტები ახლო აღმოსავლეთში, გარკვეულწილად რელოკაციას განიცდის და გადმოდის საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ კორპორაციული კლიენტებისთვის ყოველთვის რთული არის გაუქმება ასეთი ტიპის ღონისძიებების და მათთვის უმჯობესია, რომ რელოკაცია მოახდინონ. საუბარია ღონისძიებებზე, რომელიც დუბაიში, საუდის არაბეთში, კატარში უნდა ჩატარებულიყო. ისეთი ქვეყნების ღონისძიებებმა გადმოინაცვლა როგორიცაა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, კავკასიის რეგიონი, თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა. შესაბამისად, უახლოეს ტურისტულ მიმართულებად ჩვენც განვიხილებით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ბევრი ახალი პროექტი მიგვეღო უახლოესი ორი თვის ჭრილში.
ეს არის მოკლევადიანი პოზიტიური შედეგები ჩვენს ტურისტულ კომპანიაზე, რომელსაც საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს პორტფოლიო. მაგრამ გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ არიან კომპანიები საქართველოში, რომლებიც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის, ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ და მაგ ნაწილში მგონია, რომ ეს ყველაფერი პირიქით, ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, საერთო ბაზრის კონტექსტში, თუნდაც მოკლევადიანი, ალბათ უფრო ნეგატიური იქნება ეს შეფასება,
რაც შეეხება გრძელვადიან ანალიზს, ეს სულ უფრო კომპლექსური და რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ საერთო ჯამში მაინც ახლო რეგიონად განვიხილებით კონფლიქტის ეპიცენტრთან. შესაბამისად, ახალი პროექტების და ახალი მოთხოვნების დაგეგმვის პროცესში ამ ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება. გვახსოვს, რომ უკრაინაში არსებული ომიც ასევე ნეგატიურად აისახებოდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ქართულ კორპორაციულ ტურიზმზე. შესაბამისად, რეგიონალური ასოციაცია საქართველოსი, თუნდაც ერთი და მეორე მიმართულებით, გრძელვადიანად, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატიურად აისახება. ევროპული ბაზარი განსაკუთრებით, როდესაც დაიწყებს განხილვას არა არსებული ღონისძიებების, რომელიც უკვე დაგეგმილია, არამედ მომავალში – 6 თვის, 1 წლის შემდეგ ღონისძიებების დაგეგმვას, ჩვენს რეგიონზე იქნება შეშფოთებები, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ის, რომ ორივე მხარეს, საქართველოს გარშემო არის პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბული. და ფორსმაჟორები კორპორაციულ ღონისძიებებზე ფაქტობრივად ავტომატურად გაუქმებას გულისხმობს. ამიტომ ვგულისხმობ იმას, რომ ცოტა რთული არის პოზიტიური შედეგები დავინახოთ გრძელვადიან კონტექსტში ნებისმიერი კონფლიქტისგან, რომელიც ჩვენთან ახლოს ხდება.
შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ არ გაგრძელდება ეს ყველაფერი დიდხანს, მალე მივიღებთ შედეგებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს კიდევ ერთი გაურკვეველი პერიოდი საკმაოდ პოზიტიურად ჩავიაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ მგონია, ქართულმა ტურიზმმა ასე თუ ისე ისწავლა ფორსმაჟორულ სიტუაციებში ოპერირება”, - განაცხადა გურამ ავალიანმა.