საქართველოს ვალდებულება აქვს, პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ის, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა, – ამის შესახებ ევროკომისარმა ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, უახლესი კანონები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

„საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა, როგორც ბევრმა აღნიშნა, კვლავ უარესდება. საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანას ავტოკრატიისკენ, ამსხვრევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებსა და ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სტანდარტებს. უახლესი კანონები, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკური საქმიანობის უცხოურ დაფინანსებას, დემონსტრანტებზე ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებასთან ერთად, ნათლად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება  უგულებელყოფს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ჩემი პირველი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ევროკავშირის წევრობის სიცოცხლისუნარიანი გზა აშკარად არ აქვს არც 2030 წლისთვის, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ვალდებულება აქვს, პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ის, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა; მეორე – ევროკავშირი სოლიდარობას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც უკანონოდ არის დაკავებული, ცუდად ექცევიან, ბოლო ორი წლის განმავლობაში პატიმრობაშია, მათ შორის ელენე ხოშტარია. ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი. წამება და არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო სამართლით აბსოლუტურად აკრძალულია და სამართალდამცავი ორგანოების დარღვევებისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტიკური პლურალიზმი.

„დაბოლოს, ევროკავშირი კვლავ ერთგულია, პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის მძიმე გაუარესებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გასულ კვირას გადაწყდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ეს პასუხია საქართველოს მიზანმიმართულ და მუდმივ დარღვევაზე იმ ვალდებულებების, რომლებიც მან ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიღებისას აიღო დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში“, – აღნიშნა ვოპკე ჰუკსტრამ.

წყარო: პირველი არხი