ტურიზმის სექტორში დაგეგმილი ცვლილებები ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ახალი განკარგულება თავისთავად სერიოზული ცვლილებაა სფეროსთვის და მას როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტები შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Boss Tour-ის მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი ადგილობრივ გიდებზე მოთხოვნის ზრდა იქნება, ხოლო მინუსად შეიძლება უცხოენოვანი გიდების დეფიციტის რისკი ჩაითვალოს.

"დღეს საქართველოში სხვადასხვა ენაზე - რუსულ, ინგლისურ, არაბულ, ებრაულ და ჩინურ ენებზე - არაერთი უცხოელი გიდი ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ადგილობრივი გიდებიც არიან წარმოდგენილი, განსაკუთრებით რთულია არაბულ, ჩინურ და ებრაულენოვანი პროფესიონალების მოძიება.

სწორედ ამიტომ, ცვლილების ერთ-ერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს უცხოენოვანი გიდების დეფიციტის რისკი. განსაკუთრებით პიკური ტურისტული სეზონის პერიოდში მოსალოდნელია გიდების მოძიების გართულება, რაც, სავარაუდოდ, მათი ანაზღაურების ზრდას დაახლოებით, 30-40%-ით გამოიწვევს,“ – აცხადებს Boss Tour-ის მენეჯერი.

მისივე შეფასებით, ბაზარი ახალ რეალობას ეტაპობრივად მოერგება, თუმცა მოკლევადიან პერიოდში სექტორი გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რადგან ყველა სიახლეს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი